რამაზ გერლიანს კვლავ ეძებენ – რას აცხადებს დაკარგულის და

ეკონომიკის ექსპერტს, რამაზ გერლიანს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. პარალელურად, ჰკითხავენ ყველას, ვისაც შეიძლება, რაიმე ინფორმაცია ჰქონდეს. ჩხრეკა ჩატარდა ოფისში, სადაც გერლიანი მუშაობდა. ამოღებულია მობილური ტელეფონი და წერილი.

ცოტა ხნის წინ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა გერლიანის დამ, მარინა გერლიანმა.

“პოლიციელია ამ საქმეში თავი და ბოლო და ჩემი ყოფილი რძალი. არ ვიცი, პოლიციელს რა ძალაუფლება აქვს, ხალხი უნდა დაგვიცვას, ამის ნაცვლად თვითონ აფარებენ თავიანთ ტყავს ხელს”, – აცხადებს გერლიანის და.

შეგახსენებთ, ახლობლების ინფორმაციით, ეკონომიკური ექსპერტი, რამაზ გერლიანი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. რამაზ გერლიანმა გაუჩინარებამდე „ფეისბუქ“ პოსტი გამოაქვეყნა.

„ამ ნაგავმა პოლიციელმა ჩემივე ყოფილი ოჯახის წევრის გამოყენებით მოახერხა ჩემს კერძო საკუთრებაში, ჩემს სამუშაო და ჩემი შვილების სამყოფელ სივრცეში ვირთხასავით შემოღწევა. 14 ნოემბერს შეიარაღებული დამხვდა ჩემს ბინაში თავხედურად და ცრუ მოტივით დაკითხვა მომიწყო, მომაყენე შეურაცხყოფა, განადგურებული ვარ! როგორც ჩანს, პოლიციის მუნდირის გამოყენებით აგროვებდა პერსონალურ ინფორმაციას როგორც საპოლიციო სისტემით, ასევე, სხვადასხვა საშუალებით, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების შესახებ. სავარაუდოდ, მოქმედებს დავალება/დაკვეთით. საფუძვლიანია ეჭვია, რომ ჩემს მონაცემებს გადაცემდა/ყიდიდა მესამე პირზე (ებზე). არ არის გამორიცხული, რომ ჩემს მიმართ იყენებდა თვალთვალის, მიყურადების და კონტროლის სხვა სისტემებს…დამარცხება გინდოდათ, მე განადგურებული ვარ, დისკრედიტაცია გინდოდათ – ფსკერზე ვარ, ჩემზე ზეგავლენა და მართვა გინდოდათ – ვერ მიიღებთ. კანონი დუმს. ჩემთვის ყველაფერი სულერთია. ისე ვარ, მინდა, მეც დავდუმდე, ოღონდ სამუდამოდ“, – წერს რამაზ გერლიანი.

აღსანიშნავია, რომ Facebook-პოსტი, რომელიც რამაზ გერლიანმა გამოაქვეყნა, აღარ იძებნება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები