დიდი ბრიტანეთი ყოფილ პედაგოგებს სამსახურებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს
დიდი ბრიტანეთი პენსიაში მყოფ მასწავლებლებს მოუწოდებს, დაუბრუნდნენ საგანმანათლებლო პროცესს და აღმზრდელობით საქმიანობაში ჩაერთონ. ქვეყნის განათლების მინისტრის, ნადიმ ზაჰავის განცხადებით, ის დაბრუნებისაკენ მოუწოდებს პედაგოგიური განათლების მქონე ყველა პირს, რათა კვლავ ჩაერთონ საგანმანათლებლო პროცესში, აკადემიური პერსონალის სიმცირის გამო.
„მიუხედავად კოვიდვითარებისა, მიმდინარე სემესტრში ქვეყანაში სკოლების 99%-მა ფუნქციონირება მაინც შეძლო, რადგან საგანმანათლებლო პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირისპირ კონტაქტი. ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ბევრი მასწავლებელი არაა ხელმისაწვდომი, რის გამოც საგანმანათლებლო პროცესი საფრთხეშია. მოვუწოდებთ ყველა პირს, რომლებსაც შესაბამისი განათლება გააჩნია ან უკვე პენსიაზეა გასული – გამოიჩინოთ ინიციატივა, რათა დაეხმაროთ საგანმანათლებლო პროცესს თუნდაც ერთი დღით“, – აღნიშნა ნადიმ ზაჰავიმ.
შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში უკვე რამდენიმე დღეა, ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, რომელიც დღიურად თითქმის 100 ათას შემთხვევას ითვლის. ბოლო ერთი კვირის ინფიცირების მაჩვენებელი 51%-ით აღემატება წინა თვის შედეგებს. ამჟამად, ქვეყანაში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების 37 000 შემთხვევაა აღრიცხული.
https://www.euronews.com/2021/12/20/covid-omicron-tidal-wave-prompts-uk-to-urge-out-of-work-teachers-to-return-to-classrooms