აფხაზეთის ე.წ. შსს: საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ყველა პროვოკაციული ხასიათის ქმედება აღიკვეთება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვალტერ ბუთბამ მოქალაქეებს დღეს სოხუმში დაგეგმილ ოპოზიციის მასშტაბურ აქციასთან დაკავშირებით მიმართა.

მისი თქმით, “სიტუაციამ, როდესაც ჩვენი საზოგადოების ზოგიერთი წევრი დანარჩენს საზოგადოებას მიზანმიმართულად აწვდის არასრულ და ხშირად დამახინჯებულ ინფორმაციას საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მიზნით, შეიძლება, გამოიწვიოს უკანონო ქმედებები და არეულობები. ამასთან დაკავშირებით ვაფრთხილებთ არასანქცირებული აქციის ორგანიზატორებს შესაძლო შედეგებზე პასუხისმგებლობის შესახებ“.

მან მოქალაქეებს თხოვნით მიმართა, არ მიიღონ მონაწილეობა “უკანონო აქციებში, არ განახორციელონ ისეთი ქმედებები, რომლებმაც შეიძლება, ხელი შეუშალონ სახელმწიფო ორგანოების მუშაობას, აფხაზეთის მოქალაქეებისა და სტუმრების ცხოვრებას”.

„საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ყველა უკანონო ქმედება, მათ შორის, პროვოკაციული ხასიათის, აღიკვეთება. ამიტომ, ძვირფასო მოქალაქეებო, გთხოვთ, ნუ აყვებით პროვოკაციებს, შეძლებისდაგვარად გააანალიზეთ შემოსული ინფორმაცია და დაიცავით კანონი და წესრიგი რესპუბლიკის ტერიტორიაზე”, – ნათქვამია მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები