სოხუმში დღეს ოპოზიციის დიდი აქცია გაიმართება – ბჟანია მოქალაქეებს უკანონო ქმედებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს
სოხუმში დღეს ოპოზიციის მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება, რომელიც ე.წ. ხელისუფლების მუშაობას გააპროტესტებს. დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ კი მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, თავი შეიკავონ უკანონო ქმედებისგან და ღია დიალოგს მიმართონ.
ბჟანიას მიმართვის ტექსტში ნათქვამია, რომ მოქალაქეებს, ასევე, პოლიტიკურ პარტიებს კანონმდებლობით აქვთ უფლება, გამოხატონ საკუთარი უკმაყოფილება და აზრი, თუმცა, “ეს ყველაფერი რეგულირდება კანონმდებლობით, რომლის დარღვევაც არ შეიძლება”.
ბჟანიამ აღნიშნა, რომ “აფხაზეთის ხელმძღვანელობა აღიარებს პრობლემების არსებობასა და გადაუჭრელ საკითხებს, მაგრამ ისინი არ იძლევა შიდაპოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციის საფუძველს”.
“ამიტომ, ვაფრთხილებთ ყველას, ვინც ცდილობს უკანონო, ანტიკონსტიტუციური ქმედებების ჩადენას. სამართალდამცავი ორგანოები აღკვეთენ კანონდარღვევებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა
ბჟანიამ დასძინა, რომ მხარს უჭერს ღია და კონსტრუქციულ დიალოგს, მზად არის, განიხილოს ყველა პრობლემატური საკითხი, მაგრამ – მხოლოდ ცივილიზებულად, ისე, რომ “ქვეყანას საფრთხე არ შეექმნას”.
“რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემა გადაუჭრელი რჩება. მათი დაძლევა შეუძლებელია სუსტ ეკონომიკაში, არასტაბილურ მდგომარეობაში, რომელსაც სახიფათო სიხშირით არყევს პოლიტიკური კრიზისები. კიდევ ერთი ასეთი უპასუხისმგებლო ქმედება ნგრევამდე მიიყვანს ჩვენს მყიფე სახელმწიფოს, რადგან ისტორიიდან ცნობილია, რომ აშენებას ძალიან დიდი დრო სჭირდება, მაგრამ ერთი ღამე – განადგურებას. როგორც არაერთხელ მომხდარა, მხოლოდ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების პირადი ამბიციების სასარგებლოდ”, – განმარტა ბჟანიამ.