ტრამპი შესაძლოა, იანვარში დაიკითხოს – ექსპრეზიდენტი ნიუ იორკის შტატის გენერალურ პროკურორს უჩივის

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიუ იორკის გენერალური პროკურორის, ლეტიცია ჯეიმსის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და მის კომპანიაში – Trump Organization-ში ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით გამოძიების დასრულებას მოითხოვს.

როგორც BBC News-ი იტყობინება,  სარჩელის ტექსტში ნათქვამია, რომ ჯეიმსს “მხოლოდ პოლიტიკური მტრობა და კერძო მოქალაქის დევნის, დაშინებისა და შურისძიების სურვილი ამოძრავებს, რომელსაც ის პოლიტიკურ ოპონენტად განიხილავს”.

ჯეიმსმა ტრამპის სარჩელს უკვე უპასუხა და თქვა, რომ გამოძიება გაგრძელდება.

ტრამპის კომპანიის წინააღმდეგ სამოქალაქო გამოძიება 2019 წლიდან მიმდინარეობს, იმის საფუძველზე, რომ ტრამპმა პრეზიდენტად არჩევამდე სესხების მიღებისას ბანკებისთვის თავისი აქტივების ღირებულებას ზრდიდა. გარდა ამისა, გამოძიების სტადიაშია ტრამპის კომპანიის შესაძლო მანიპულირების საკითხი უძრავი ქონების შეფასების სფეროში.

ტრამპმა სარჩელი შეიტანა ჯეიმსის წინააღმდეგ ორ კვირაზე ნაკლებ დროში მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი, გამოძიების ფარგლებში, იანვარში შესაძლოა, ფიცის ქვეშ დაიკითხოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები