“რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის” გამო, აშშ მოქალაქეებს მოუწოდებს, უკრაინაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, რუსეთისგან მოსალოდნელი საფრთხის გამო, უკრაინაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.
ამის შესახებ აშშ-ის საგარეო პოლიტკური უწყების საიტზე გამოქვეყნებულ მიმართვაშია ნათქვამი.
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ისევ მიმართავს მოქალაქეებს რეკომენდაციით, რომ თავი შეიკავონ უკრაინაში მოგზაურობისგან COVID-19-ის გამო, ასევე, რუსეთის მხრიდან საფრთხის გაზრდილი დონის გამო“, – ნათქვამია განცხადებაში.
დეპარტამენტმა ასევე მოუწოდა ამერიკელებს სიფხიზლისკენ “დანაშაულისა და სამოქალაქო არეულობასთან” დაკავშირებით.
„აშშ-ის მოქალაქეებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ცნობებს იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მნიშვნელოვან სამხედრო მოქმედებას გეგმავს“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ასევე, აღნიშნულია, რომ „რუსეთის სამხედრო ქმედებებმა უკრაინის ნებისმიერ ნაწილში“, შესაძლოა, ხელი შეუშალოს აშშ-ის საელჩოს მუშაობას, მათ შორის, იმ ამერიკელებისთვის დახმარების გაწევისას, რომელთაც სურთ ქვეყნის დატოვება.