უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი. როგორც სააგენტო Reuters წერს, პოროშენკოს ბრალად დონბასის რეგიონში სეპარატისტული ძალების დაფინანსებასთან კავშირი ედება.
როგორც უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს განცხადებაშია ნათქვამი, პეტრო პოროშენკო ეჭვმიტანილია ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობაში.
19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პეტრო პოროშენკომ უკრაინა დატოვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტისთვის დაკითხვაზე დაბარების უწყების გადაცემა სცადეს.
პეტრო პოროშენკოს პარტიაში „ევროპული სოლიდარობის პარტია“ აცხადებენ, რომ ის დაგეგმილი ვიზიტებით სტამბოლსა და პოლონეთში გაემგზავრა.
რაც შეეხება ბრალდებას, პარტიაში ამბობენ, რომ ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით არის ფალსიფიცირებული და ის ფარსად იქცევა, როგორც ყველა წინა ბრალდება.