თენგიზ ცერცვაძე: “ომიკრონი” არც პირველი გამოწვევაა და შესაძლოა, არც უკანასკნელი, უნდა შევხვდეთ მომზადებული
“ერთი რამ მინდა, რომ მკაფიოდ განვაცხადო, ეს არც პირველი გამოწვევაა და შესაძლოა არც უკანასკნელი. მას უნდა შევხვდეთ მომზადებული, როგორც ერთ-ერთ რიგით გამოწვევას”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის ახალ შტამზე – “ომიკრონზე” საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, კლინიკურ სექტორს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება.
„სამწუხაროდ, მოსალოდნელია, რომ „ომიკრონი“ საქართველოშიც გავრცელდება. მსოფლიოს 65 ქვეყანაშია გავრცელებული და ბუნებრივია, რომ აქაც გავრცელდება. საქართველოს სერიოზული მიმოსვლა აქვს უცხოეთის ქვეყნებთან. რა თქმა უნდა, ეს დამატებითი გამოწვევაა, თან ბოლომდე არ ვიცით, როგორი გამოწვევაა. ჯერ კიდევ არ დადებულა საბოლოო დასკვნები შტამის ყველა თავისებურების შესახებ. ერთი რამ მინდა, რომ მკაფიოდ განვაცხადო, ეს არც პირველი გამოწვევაა და შესაძლოა არც უკანასკნელი. მას უნდა შევხვდეთ მომზადებული, როგორც ერთ-ერთ რიგით გამოწვევას, ყოველგვარი პანიკის გარეშე. მოსალოდნელია სწრაფი გავრცელება, უფრო სწრაფი, ვიდრე „დელტა“ შტამი ვრცელდებოდა. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ დატვირთვა კლინიკურ სექტორზე გაიზრდება. თუ აქამდე, პიკის პერიოდში 5-6 ათასი ფიქსირდებოდა, ამ ბოლო დროს დაიკლო და 3 ათასის ფარგლებშია, შესაძლოა ეს რიცხვი გაიზარდოს და შესაბამისად, გაიზარდოს დაწოლა კლინიკურ სექტორზე. ჯერჯერობით არსებული ინფორმაციებით, ეს შტამი არ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას და უფრო მეტ სიკვდილობას. შესაბამისად, პანიკის საფუძველი ამ მიმართულებით ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა, თუ შემთხვევების რაოდენობა ძალიან ბევრი იქნება, ის რომც არ იწვევდეს სიკვდილობის გაზრდას, მაინც ბევრი ავადმყოფის ყოლის გამო, კლინიკურ სექტორს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დაეკისრება, რომ სიკვდილობა დაბალ მაჩვენებელზე შეინარჩუნოს. ამისთვის ჩვენ მზად ვართ”, – განაცხადა ცერცვაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში “ომიკრონის” 2 შემთხვევა დადასტურდა.