თენგიზ ფხალაძე: ვფიქრობ, სერიოზული მსჯელობა დასჭირდებათ ევროკავშირსაც და ნატო-საც იმის თაობაზე, როგორ უნდა მოახერხონ კრემლის ამბიციების მოთოკვა

“რუსეთის ყველა მცდელობა, რეგიონი ჩაკეტოს, ძალიან დამაფიქრებელია და ამის საპირწონედ უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან – ვგულისხმობ ევროკავშირს, ნატო-ს, აშშ-ს”, – ამის შესახებ ექსპერტი, თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, სერიოზული მსჯელობა დასჭირდებათ ევროკავშირსაც და ნატო-საც იმის თაობაზე, როგორ უნდა მოახერხონ კრემლის ამბიციების მოთოკვა.

“კრემლის ქმედებები, რასაც რუსეთი პოლიტიკას ეძახის, სხვა არაფერია, თუ არა შანტაჟი. ამ შანტაჟის ნაწილია ის ე.წ. შეთანხმების ტექსტები, რომლებიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა და რომლებითაც ითხოვს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარის თქმას, თითქოსდა ევროპული უსაფრთხოების გამო. ამ ტექსტების ადრესატი, ძირითადად, თითქოს აშშ-ია, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ რუსული დიპლომატია ამ საკითხის მოსინჯვას ცდილობდა არა მხოლოდ აშშ-თან, არამედ დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, იტალიასთან და ა.შ. ურთიერთობაშიც. რუსეთი ცდილობს დასავლურ სახელმწიფოებში შეიტანოს განხეთქილება, იცის რა, რომ მისი ამბიციების მოთოკვა შეუძლია მხოლოდ იმ ერთიანობას, რომლის დემონსტრირებას ახდენენ აშშ, ევროკავშირისა და ნატოს წამყვანი სახელმწიფოები.

გავიხსენოთ, რომ ბაიდენ-პუტინის ბოლო ონლაინშეხვედრის წინ ბაიდენი ჯერ ევროპის ლიდერი სახელმწიფოების პოლიტიკურ ხელმძღვანელებს ელაპარაკა, შემდეგ კი შეხვედრაზე ერთიანი პოზიცია წარმოადგინა. მოკლედ, რუსეთი ცდილობს ამ ერთიანობაში ბზარი შეიტანოს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში გერმანიის ახალი ხელმძღვანელობის გაბედული და მკვეთრი ნაბიჯები. მათ შორის არის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული ვერდიქტი და ისიც, რომ გერმანიის ხელისუფლება არ მოერიდა რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევებას. ახლა რუსეთის ერთ-ერთი სამიზნე საფრანგეთია, სადაც მომავალ წელს არჩევნებია დაგეგმილი… ერთი სიტყვით, რუსეთი ცდილობს პოზიციების მოსინჯვას ბაიდენ-პუტინის მომავალი შეხვედრის წინ, რომელიც 2022 წელს უნდა გაიმართოს. შანტაჟის ენამ, რომლითაც კრემლი დანარჩენ მსოფლიოს ესაუბრება, ნათლად დაგვანახა ყველა ის მიზანი, რომლებიც რუსეთის ფედერაციას აქვს და ამ სახელმწიფოსგან მომდინარე ყველა საფრთხეც გააშიშვლა. თუ ვინმეს აქამდე ამაში ეჭვი ეპარებოდა, ახლა მისთვისაც ყველაფერი ცხადია.

ვფიქრობ, სერიოზული მსჯელობა დასჭირდებათ ევროკავშირსაც და ნატოსაც იმის თაობაზე, როგორ უნდა მოახერხონ კრემლის ამბიციების მოთოკვა. რუსეთის მოთხოვნას, რომ თურმე ნატო აღმოსავლეთით აღარ უნდა გაფართოვდეს, უკვე მოჰყვა როგორც აშშ-ის, ასევე ნატოს გენმდივნის თუ ევროპის ცალკეული სახელმწიფოების წარმომადგენელთა განცხადებები. თავისთავად ცხადია, რომ გავლენის სფეროების რუსულ განაწილებაზე დასავლეთი კრემლს არ დასთანხმდება, მაგრამ ახლა ლაპარაკია იმაზე, როგორ უნდა მოხერხდეს მისი შეკავება და ისეთი ქვეყნების დაცვა, როგორიც უკრაინა და საქართველოა. საინტერესოა, რომ რუსეთის მომზადებულ ე.წ. შეთანხმების ტექსტში ყველა ვალდებულება ეკისრება კოლექტიურ დასავლეთს და აშშ-ს, რუსეთს კი არაფერი ევალება. ისმის კითხვა: რატომ არის დღეს ასე გააქტიურებული რუსეთი და რატომ ჩქარობს? საქმე ის არის, რომ ნატომ უნდა მიიღოს და დაამტკიცოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორ იქნება ამ კონცეფციაში ასახული შავი ზღვის რეგიონის როლი, როგორი იქნება ნატოს დამოკიდებულება ამ რეგიონისა და მასში შემავალი ქვეყნების მიმართ ნატოს გაფართოების პერსპექტივის თვალსაზრისით. თავისთავად ცხადია, ეს პირდაპირ აისახება საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებზე. ეს მშვენივრად იცის რუსეთმა და ახლა ცდილობს, დასწრებაზე ითამაშოს… მეორე საკითხია ევროკავშირი. უმნიშვნელოვანესი იყო, ევროკავშირს განეცხადებინა, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება არ არის განყენებული საკითხი და ეს ევროპული უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილია, რაც ნიშნავს, ამ რეგიონისთვისაც შეიქმნას შესაძლებლობები, ისევე იყოს დაცული, როგორც დანარჩენი ევროპა… დღეს რუსეთის საქციელი ტოვებს დეჟავიუს შთაბეჭდილებას და გვახსენებს საბჭოთა კავშირის მოქმედებებს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეს აღარც ვარშავის ბლოკი არსებობს და აღარც საბჭოთა კავშირი, რუსეთი კი ვერ არის ისეთი ძლიერი, როგორიც ცივი ომის დროს იყო, თუმცა რიტორიკა, ამბიციები აშკარად არ შეცვლილა. წითელი ხაზები გავლებულია. ვფიქრობ, დასავლეთში უკვე ხვდებიან, როგორც კი რუსეთს გავლენის სფეროებთან დაკავშირებით რაღაც მცირეზე დასთანხმდებიან, ის გაცილებით მეტს მოითხოვს.

ვფიქრობ, დასავლეთის ნაბიჯები ორი მიმართულებით გადაიდგმება, ერთი იქნება შემაკავებელი სანქციები, რომლებიც დაწესებული აქვს რუსეთს და ალბათ, კიდევ გამკაცრდება; ამავდროულად, დაიწყება იმ ქვეყნების დახმარებასა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე ზრუნვა, რომლებიც ე.წ. წინა ხაზზე არიან. აქ ბევრი რამ დამოკიდებული იქნება ჩვენზე, ჩვენს აქტიურობასა და მზადყოფნაზე… რაც შეეხება ე.წ. 3+3-ის ფორმატის შეხვედრას მოსკოვში რუსეთი ჯიუტად ეძახის ამ ფორმატს “3+3”-ს როდესაც რეალურად ეს არის “3+2”. ვფიქრობ, ჩვენ სწორედ ეს უკანასკნელი ტერმინი უნდა დავამკვიდროთ, დროშის გამოფენა კი მართლაც პროვოკაცია იყო. რუსეთისთვის ეს იყო როგორც რეგიონული მიმართულების გზავნილი, ასევე გზავნილი დასავლეთისთვისაც. რუსეთი ცდილობს ვითარება ისე წარმოაჩინოს, თითქოს ამ რეგიონში მისი შეფასებით უცხოს არაფერი ესაქმება, რომ ეს არის მისი გავლენის სფერო, რომელსაც, მისივე წარმოდგენით, იყოფს ირანსა და თურქეთთან. კრემლი ცდილობს ისე წარმოაჩინოს, რომ ეს რეგიონი დასავლეთისთვის ჩაკეტილია და ის აქ არ უნდა შემოვიდეს. ასევე ცდილობს შეამოწმოს ჩვენი რეაქცია როგორ გამოეხმაურება ამგვარ პროვოკაციას ჩვენი ხელისუფლება თუ საზოგადოება. რაც შეეხება ამ ფორმატს, იქ საქართველოს ადგილი ნამდვილად არ არის.

მაგრამ ამ ქვეყნების თანამშრომლობაც წარმოუდგენლად რთული მგონია. ეს არის იმ სახელმწიფოების თავყრილობა, რომელთაც ძალიან რთული ურთიერთობა აქვთ. სომხეთ-აზერბაიჯანი, ფაქტობრივად, ისევ საომარ მდგომარეობაში არიან და, ვფიქრობ, ვიდრე სამშვიდობო ხელშეკრულებას არ მოეწერება ხელი, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ მათ შორის ომი დასრულდა. რთულია სომხეთსა და თურქეთს შორის დამოკიდებულებაც, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანს ნორმალიზების მცდელობებს ვხედავთ. ისტორიულად ძალიან რთული, ცვალებადი და ჩახლართული ურთიერთობა ჩამოყალიბდა ირანსა და თურქეთს შორის, ისევე, როგორ თურქეთსა და რუსეთს შორის… მოკლედ, ისეთი პრობლემების გორგალია ამ ვითომ ერთიანობაში, რომ ამ ფორმატის პერსპექტივის დანახვა, ფაქტობრივად, შეუძლებელია… რუსეთის ყველა მცდელობა, რეგიონი ჩაკეტოს, ძალიან დამაფიქრებელია და ამის საპირწონედ უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან – ვგულისხმობ ევროკავშირს, ნატოს, აშშ-ს, რათა უფრო მასშტაბურად იყვნენ წარმოდგენილნი შავ ზღვაზე და, ზოგადად, რეგიონში”, – აცხადებს ფხალაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები