რატი ბრეგაძე – „დასაქმებული პატიმრების რაოდენობა მუდმივად იზრდება“

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა შრომის თავისუფლების უზრუნველყოფა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და, შესაბამისად, დასაქმებულ პატიმართა რაოდენობის მკვეთრი ზრდა.

რატი ბრეგაძის თქმით, სამინისტროს მიზანია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია, მათთვის საკუთარი შრომით შემოსავლის მიღების შესაძლებლობის გაზრდა, დამსაქმებლისთვის კვალიფიციური კადრების მომზადება, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა, დახარჯული ენერგია პირდაპირ აისახება საზოგადოების უსაფრთხოებაზე.

„მიზნობრივი პროგრამების განხორციელებით, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების სისტემის გამართვისა და კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით, დასაქმებულ მსჯავრდებულთა რაოდენობა გაიზრდება. უახლოეს პერიოდში გაიხსნება ობიექტი, სადაც მსჯავრდებულების მიერ დამზადებული პროდუქციის შეძენა იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში.

პრობაციის მიმართულებით მასშტაბური რეფორმები მიმდინარეობს პრობაციონერებისთვის შექმნილი ახალი, ელექტრონული კონტროლის თანამედროვე სისტემის ამოქმედების შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მინისტრის საათის ფარგლებში ისაუბრა.

რატი ბრეგაძის განცხადებით, პრობაციის მიმართულებით მასშტაბური რეფორმები ტარდება, რომელთა შორის ერთ-ერთია მსჯავრდებულთა ელექტრონული კონტროლის ახლებური მექანიზმი – probbox, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მსჯავრდებულს გაუადვილებს მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებას, დაზოგავს ადამიანურ რესურსს და გაზრდის ანონიმურობის ხარისხს.

მინისტრის ინფორმაციით, ასევე, შეიქმნა ახალი ინფრასტრუქტურა სხვადასხვა მუნიციპალურ ერთეულში, რეგიონებში გაიხსნა რეფერირების ცენტრები, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის შესახებ მუნიციპალიტეტებთან გაფორმდა მემორანდუმები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები