პროკურორი: თვე-ნახევრის განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის ის სიმართლე დაგვენახებინა, რომელიც იყო ამ საქმეში
“სამწუხაროა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა, ეს არის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილება, საბოლოოდ, მათ უნდა მიეღოთ ის გადაწყვეტილება”, – ამის შესახებ მერაბ კობიაშვილის საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე ყველაფერს აკეთებდა, რათა ნაფიცი მსაჯულები საქმის სირთულესა და არსებულ სიმართლეში დაერწმუნებინა.
“თვე-ნახევრის განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის მთელი სისხლის სამართლის საქმის მასალა და ის სიმართლე დაგვენახებინა, რომელიც იყო ამ საქმეში. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა, ეს არის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილება, საბოლოოდ, მათ უნდა მიეღოთ ის გადაწყვეტილება, რომელსაც თვითონ თვლიდნენ სწორად. გამოძიების დაწყებიდან მერაბ კობიაშვილი არ აღიარებდა მიხეილ უნდილაშვილის ცემას, რითაც დაიწყო ეს ყველაფერი. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ თქვა, რომ მერაბ კობიაშვილს ნაცემი ჰყავდა მიხეილ უნდილაშვილი“, – აღნიშნა დავით ყაზარაშვილმა.
ცნობისთვის, გუდაურში 2020 წლის თებერვალში მომხდარი მკვლელობის საქმეში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დღეს უდანაშაულოდ ცნო.