ვინ არის რუსთაველი მოსამართლე, რომელმაც რუსთავში ჩატარებული ხმაურიანი სპეცოპერაციისას “ქურდულ სამყაროსთან” კავშირისთვის დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა მიმდინარე წლის ზაფხულში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, “ქურდული სამყაროს” კავშირისთვის დაკავებული პირების ნაწილი დარბაზიდან გაათავისუფლა.

5 პირი, რომლებიც “მღვდელოვიჩთან”, “ბოთესთან’, “წიწაკასთან” და “ქურდულ სამყაროსთან” კავშირისთვის დაკავებულ სხვა პირებთან ერთად ქურდულ გარჩევებში მონაწილეობდნენ, მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ 15 დეკემბერს გაათავისუფლა.

მასშტაბური სპეცოპერაცია, რომელის ფარგლებშიც 27 პირი, მათ შორის ის ხუთი პირიც დაკავდა, რომელთა გათავისუფლების გადაწყვეტილებაც მოსამართლე პართენიშვილმა მიიღო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის რუსთავის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის ზაფხულში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩაატარეს. დაკავებულების დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად 100-ზე მეტი მოქალაქე დაზარალდა. ამ დრომდე უცნობია რის საფუძველზე მიიღო მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავებულების დიალოგების აუდიოჩანაწერებიც გაასაჯაროვა რითიც ასევე დასტურდება, რომ დაკავებულები აგროვებდნენ ე.წ. ობშიაკს, ასევე კავშირი ჰქონდათ საზღვარგარეთ მყოფ სხვადასხვა კანონიერ ქურდებთან.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის დაკავებული პირები დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სწორედ აღნიშნულმა მოსამართლემ გაათავისუფლა 2019 წელს დაკავებული 10 პირი, რომლებსაც გამოძიება ასევე ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები