ლიეტუვის პრეზიდენტი: აღმოსავლეთ ევროპაში ვითარება ყველაზე საშიშია, ბოლო 30 წლის განმავლობაში
ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთოხებასთან დაკავშირებით ყველაზე საშიში ვითარებაა, ბოლო 30 წლის განმავლობაში.
LRT-ს ინფორმაციით, ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის წინ გაკეთებულ კომენტარში თქვა.
“სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ რუსული ძალების მობილიზებას უკრაინის საზღვრებთან. ჩვენ აღმოვჩნდით, ალბათ, ყველაზე საშიშ სიტუაციაში, ბოლო 30 წლის განმავლობაში. მე ვსაუბრობ არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ – ნატო-ს მთელ აღმოსავლეთ ფლანგზე. ბალტიის რეგიონზე“, – თქვა გიტანას ნაუსედამ.
მისი აზრით, დასავლეთს აქვს საკმარისი ინსტრუმენტები რუსეთის აგრესიის შესაკავებლად და ამისთვის საჭიროა შეთანხმება, თუ რა სანქციები შეიძლება, იყოს გამოყენებული.
ნაუსედამ აღნიშნა, რომ ევროკავშირის ნაბიჯები ამ სიტუაციაში არის “გამოსავლის მხოლოდ ერთი ნაწილი” და ნატო-ს პასუხი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. კერძოდ, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეშფოთების საგანია რუსეთისა და ბელორუსის არმიების ინტეგრაცია, რაც აძლიერებს რუსეთის უნარს მეზობლებზე თავდასხმასთან დაკავშირებით.
“ნატო-მ უნდა შეცვალოს თავისი თავდაცვის გეგმები და სტრატეგიები იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება ბელორუსში“, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.