ზახაროვა: მოსკოვი გერმანიიდან რუსი დიპლომატების გაძევებას უახლოეს დროში უპასუხებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, გერმანიიდან რუსი დიპლომატების გაძევებას მოსკოვი მალე უპასუხებს.
ამის შესახებ მან RT DE-ს ეთერში თქვა.
”ეს იქნება სიმეტრიული ზომები, აბსოლუტურად ადეკვატური. მათ შესახებ ოფიციალურად უახლოეს მომავალში გამოცხადდება”, – თქვა ზახაროვამ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსეთი ღიაა დიალოგისა და თანამშრომლობისთვის გერმანიის ახალ მთავრობასთან.
ბერლინის სასამართლომ, გუშინ, ბერლინის ცენტრში მოკლული, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს, 56 წლის ვადიმ კ.ს-ს უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
7 დეკემბერს გერმანიის პროკურატურამ ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობა მოითხოვა.
„ბრალდებული რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სპეცრაზმის მეთაური იყო. მან, შურისძიების მიზნით, პოლიტიკური ოპონენტი გაანადგურა. აღნიშნული ოპერაცია დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა და ცივსისხლიანად შესრულდა“, – განაცხადა პროკურორმა.
პანკისის ხეობის მკვიდრი, ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქე დააკავა, რომლის ნამდვილი ვინაობაც დღემდე უცნობია.
Bellingcat-ი ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ის ვადიმ კრასიკოვია, რომელსაც რუსეთში ორი შეკვეთილი მკვლელობისთვის ეძებდნენ. 2020 წლის აგვისტოს ბოლოს ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ კრასიკოვს თანამზრახველი ჰყავდა და ის რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სპეცდანაყოფ „ვიმპელის“ ყოფილი ოფიცერი, რომან დემიანჩენკოა.