“რკინიგზის ამუშავება რეგიონში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების გარემოს შეცვლის” – ფაშინიანმა ნახიჩევანის რკინიგზის აღდგენაზე ისაუბრა
სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე რკინიგზის მშენებლობაზე შეთანხმება დაადასტურეს.
ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საუბარია სომხეთს, ნახიჩევანსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მაგისტრალის მუშაობის განახლებაზე.
ფაშინიანმა გაიხსენა, რომ სამმხრივმა სამუშაო ჯგუფმა სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ვიცეპრემიერების ხელმძღვანელობით, მოსამზადებელი სამუშაოები ჩაატარა. თავად შეთანხმება გამოცხადდა 26 ნოემბერს სოჭში სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრაზე და დადასტურდა ბრიუსელში, ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით.
ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რკინიგზა იმუშავებს აღიარებული სასაზღვრო და საბაჟო კანონების საფუძველზე, იმ ქვეყნების იურისდიქციისა და სუვერენიტეტის ურთიერთპატივისცემით, რომლებზეც ის გადის.
მან თქვა, რომ, შედეგად, სომხეთი სარკინიგზო გზით მიიღებს წვდომას ირანსა და რუსეთში, ხოლო აზერბაიჯანი – ნახიჩევანში. გარდა ამისა, თუ თურქეთთან საზღვრებისა და კომუნიკაციების გახსნაზე შეთანხმება იქნა მიღწეული, ასევე ამუშავდება გიუმრი-ყარსის რკინიგზაც.
სომხეთის პრემიერის თქმით, რკინიგზის ამუშავებაზე აზერბაიჯანთან მიღწეული შეთანხმებები მათი განხორციელების დროს შეცვლის რეგიონში როგორც პოლიტიკურ და ეკონომიკურ, ასევე, უსაფრთხოების გარემოს.