ურსულა ფონ დერ ლაიენი: “აღმოსავლეთ პარტნიორობაში” ახალი, კიდევ უფრო ამბიციური ფაზა დავიწყეთ
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სამიტზე საუბარი იყო თანამშრომლობის გაღრმავებაზე და დაიწყო ახალი, უფრო ამბიციური ფაზა.
ამის შესახებ მან ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა.
მისი თქმით, ახალი დღის წესრიგი დაეხმარება ქვეყნებს აღდგენისა და რეფორმების ერთობლივ სამუშაოებში, რომელიც გამყარებულია მნიშვნელოვანი ინვესტირებით.
„როგორც 300-მილიარდიანი გლობალური ინიციატივის ნაწილი, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ეკონომიკური და ინვესტირების გეგმას შეუძლია, მოუტანოს 17 მილიარდი ევროს ინვესტირება ჩვენს აღმოსავლელ პარტნიორებს. არის ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი პროექტები, მაგალითად, მილსადენი, რომელიც მოლდოვას უფრო ენერგოეფექტურს გახდის, ან მაღალი სიჩქარის ინტერნეტის გაფართოება საქართველოში, ან შავი ზღვის ფსკერზე ოპტიკური კაბელის გაყვანა. ჩვენ მოვიწვიეთ ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორები ბორტზე, რათა დაამყარონ ახალი კავშირები ჩვენთან, საერთო რეგიონში“, – განაცხადა ლაიენმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე უკრაინის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი იმოქმედებს მტკიცედ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ ნებისმიერ შემდგომ აგრესიაზე.
„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისა და თავშეკავებისკენ ნებისმიერი შემდგომი აგრესიული ქმედებისგან. კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ უკრაინას ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა, ერთგულება მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ნამდვილად ეჭვგარეშეა, რომ ევროკავშირი იმოქმედებს მტკიცედ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ ნებისმიერ შემდგომ აგრესიაზე”, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.