პოლონეთში კოვიდით გარდაცვალების რეკორდულად მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა
პოლონეთში გუშინ, აპრილის შემდეგ პირველად, კოვიდით გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. „ევრონიუსის” ცნობით, ქვეყანაში 669 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 24266 შემთხვევა.
პოლონეთში ძალაში შევიდა ახალი შეზღუდვები, რომლის მიხედვითაც დაიხურა დისკოთეკები და ღამის კლუბები. ახალი წესების თანახმად, არავაქცინირებული ადამიანების დაშვება საკვებ დაწესებულებებში, სასტუმროებში, თეატრებში, კინოთეატრებში, ეკლესიებსა და სპორტულ დაწესებულებებში შეიზღუდება. სკოლები 20 დეკემბრიდან 9 იანვრამდე – სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადადის.
მგზავრები, რომლებიც არაშენგენის ზონიდან ჩაფრინდებიან, ვალდებულები არიან, წარადგინონ კორონავირუსის ტესტი. პოლონეთში „ომიკრონის“ შემთხვევები, ჯერჯერობით, არ დაფიქსირებულა. ექიმები, მედპერსონალი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები – პოლიცია და ჯარი ვალდებულია, 1-ელ მარტამდე სრულად ვაქცინირებული იყოს. კორონავირუსის წინააღმდეგ 20.7 მლნ-ზე მეტი პოლონელი აიცრა. 5 მლნ-მდე ადამიანმა „ბუსტერდოზაც“ მიიღო.