ნიუ-იორკის პოლიციის უფროსი, პირველად, ქალი გახდა
ნიუ-იორკის პოლიციას, პირველად, ქალი ხელმძღვანელი ეყოლება. თანამდებობას აფროამერიკელი, კიშანტ სიუელი ჩაიბარებს.
ამის შესახებ New York Post-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სიუელის კანდიდატურა ნიუ-იორკის არჩეულმა მერმა, ერიკ ადამსმა დაამტკიცა, რომელიც თავად მეგაპოლისის პოლიციაში 22 წლის განმავლობაში მუშაობდა.
როგორც ადამსმა თქვა, „კიშანტ სიუელმა დაამტკიცა, რომ არის დანაშაულთან მებრძოლი, რომელსაც აქვს გამოცდილება და ემოციური ინტელექტი, რათა ნიუ-იორკელებს საჭირო უსაფრთხოება მისცეს, ასევე, სამართლიანობა, რომელსაც ისინი იმსახურებენ”.
თავის მხრივ, 49 წლის, პოლიციის ახალმა უფროსმა თქვა, რომ ის „ძალიან სერიოზულად ეკიდება ამ დანიშვნასა და მის ისტორიულ მნიშვნელობას“.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სიუელი ნიუ-იორკში, ნასაუს ოლქის პოლიციის დეტექტივის განყოფილების უფროსი იყო, სადაც მას 350-ზე მეტი ადამიანი ექვემდებარებოდა.
ჯამურად, ის სამართალდამცავ უწყებაში 25 წლის განმავლობაში მუშაობს და ახლა ქვეყნის უდიდეს პოლიციის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს, რომლის თანამშრომელთა რიცხვი 52 ათასს შეადგენს.