თეთრ სახლში დაადასტურეს, რომ, უკრაინაში ვითარების გამწვავების შემთხვევაში, აღმოსავლეთ ფლანგზე შესაძლოა, დამატებითი ძალები გაგზავნონ
იმ შემთხვევაში, თუ უკრაინასთან დაკავშირებით სიტუაცია გამწვავდება, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე დამატებითი სამხედრო დანაყოფების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ ბრიფინგზე განაცხადა.
„აღმოსავლეთ ევროპაში, რა თქმა უნდა, არის ნატო-ს პარტნიორი ქვეყნები, ე.წ. აღმოსავლეთის ფლანგის სახელმწიფოები, როგორც თქვენ მათ უწოდებთ. თუ გადავხედავთ 2014 წლის შემდეგ განვითარებულ სიტუაციას, ნატო-ს პარტნიორი ქვეყნებიდან არაერთი ეძებდა მხარდაჭერას, სამხედრო ძალების გაზრდასა და მათ დამატებით როტაციულ განლაგებას. შესაბამისად, რა თქმა უნდა, განსახილველ მაგიდაზე დევს ეს საკითხი იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტს“, – განაცხადა ფსაკიმ.