ბრიტანეთში, აცრის მსურველების დიდი რაოდენობის გამო, რეგისტრაციის საიტი გაითიშა
„ბუსტერდოზებზე“ ათასობით ადამიანის დარეგისტრირების მცდელობის გამო, ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ვებგვერდი გაითიშა. პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის თქმით, ორშაბათს ვაქცინაზე ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა.
ამასთან, დიდი მოთხოვნის გამო, სწრაფი ტესტების შეძენა დიდი ბრიტანეთის მთავრობის გვერდიდან, ამ დროისთვის, შეუძლებელია. დღეიდან, სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს მიეცათ რეკომენდაცია, კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შემთხვევაში, ტესტირება ჩაიტარონ. ჯანდაცვის მდივნის, საჯიდ ჯავიდის თქმით, ტესტების საკმაო რაოდენობა აქვთ, თუმცა, ძალიან დიდი მოთხოვნის გამო, მათი მისამართებზე გაგზავნა უჭირთ. მისივე თქმით, პროცესში სხვა საკურიერო კომპანიებიც ჩაერთვებიან.
30 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის ვაქცინის დაჯავშნა ორშაბათს გახდა შესაძლებელი, 18-დან 29 წლამდე ადამიანები კი „ბუსტერდოზის“ მიღებას ოთხშაბათიდან შეძლებენ. ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, შაბათ-კვირას 750 000 ადამიანი დარეგისტრირდა მესამე დოზის მისაღებად.
ინგლისის ყველა ქალაქსა თუ დასახლებულ პუნქტში, ამცრელ პუნქტებთან რიგებია. ვაქცინაციის გააქტიურება გამოიწვია ბორის ჯონსონის განცხადებამ, რომ ქვეყანაში უკვე ფართოდ ვრცელდება „ომიკრონის“ შტამი და მის წინააღმდეგ იმუნიტეტი მხოლოდ „ბუსტერდოზის“ მიღების შემთხვევაში გამომუშავდება.