ბიუჯეტისთვის ზიანის მიყენების გამო რამდენიმე პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ მოტყუებით ქონების მესაკუთრის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე დავით თაბაგარი, ამირან ცინაძე და მოჰამად რეზა ჯალალი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დავით თაბაგარმა, ამირან ცინაძემ და მოჰამად რეზა ჯალალმა იმისათვის, რომ საქონლის იმპორტირებისას ბიუჯეტის კუთვნილი თანხა არ გადაეხადათ და სახელმწიფოს ვერ მოეხდინა დარიცხული გადასახადის ამოღება, სოციალურად დაუცველ და ხადაზმული ასაკის მქონე პირებს სხვადასხვა შპს-ები დააფუძნებინეს. აღნიშნული შპს-ები საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვისას გადახდის უუნარონი არიან და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით სცადეს ბიუჯეტის კუთვნილი თანხის მითვისება.
აღნიშნული საწარმოების სახელით, ირანის რესპუბლიკიდან საქართველოში იმპორტირებული იქნა დიდი ოდენობით ნავთობპროდუქტი ბიტუმი, საქონლის განბაჟებიდან კანონით დადგენილი ვადის, 5 დღის გასვლის მიუხედავად, ზემოაღნიშნულმა პირებმა არ გადაიხადეს იმპორტის გადასახადი, რითაც საერთო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტს განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 345 774 ლარის ზიანი მიადგა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 4-დან 6 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
საგამოძიებო სამსახური დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოსავლენად აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს კვლავ აგრძელებს.