მალტა კანაფის მოხმარებას აკანონებს 

მალტა ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდება, სადაც მიმდინარე კვირას პირადი მოხმარებისთვის კანაფის კულტივაცია და შენახვა დაკანონდება.

ამის შესახებ The Guardian წერს.

კერძოდ, 7 გრამამდე ნივთიერების შენახვა, გახდება კანონიერი 18 წელს ზემოთ პირებისთვის.

გარდა ამისა, ნებადართული იქნება კანაფის 4-მდე მცენარის გაშენება სახლის პირობებში.

მოსალოდნელია, რომ ქვეყნის პარლამენტში კანონის კენჭისყრა უკვე ხვალ გაიმართება, რის შემდეგაც დოკუმენტს ხელს პრეზიდენტი მოაწერს. საბოლოოდ კანონი ძალაში უკვე უქმეებზე შევა.

The Guardian ვარაუდობს, რომ მალტას ნაბიჯი გავლენას მოახდენს ბლოკის სხვა ქვეყნების კანონმდებლობაზეც.

მაგალითად, შვეიცარიის, ლუქსემბურგის და ნიდერლანდების მთავრობების განცხადებების შემდეგ, გერმანიამ, ცოტა ხნის წინ გამოაცხადა იურიდიულად კონტროლირებადი ბაზრის შექმნის შესახებ.

იტალიაში კი, რეფერენდუმი იგეგმება.

მალტას მსგავსი კანონმდებლობა უკვე მიღებულია კანადაში, მექსიკაში და აშშ-ის 18 შტატში.

ამასთანავე, მალტაზე 28 გრამამდე კანაფის შენახვა 50-დან 100 ევრომდე ჯარიმას გამოიწვევს.

18 წლამდე პირები, რომლებსაც აღმოუჩენენ კანაფს იუსტიციის კომისიის წინაშე წარსდგებიან, მაგრამ მათ არ დააპატიმრებენ.

ასევე კანონში ჩაიწერება, რომ პირი, რომელიც ბავშვის თანდასწრებით კანაფს მოიხმარს, 300-დან 500 ევრომდე დაჯარიმდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები