ჯუანშერ ბურჭულაძემ იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაურს უმასპინძლა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად მყოფ, იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაურს, გენერალ-მაიორ იუსეფ აჰმად ალ-ჰნაითს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ იორდანიის გაერთიანებული შტაბის მეთაურს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით საქართველოსა და იორდანიის მისწრაფებებს გაუსვეს ხაზი და ყურადღება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის საკითხებსა და ინტეგრაციის პროცესზე გაამახვილეს.
შეხვედრის ბოლოს, ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-მაიორმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი და სამომავლოდ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრამდე, გენერალური შტაბის სამწყობრო მოედანზე დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც იორდანელ გენერალს ქართველმა კოლეგამ, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ნატოსთან გაძლიერებული შესაძლებლობის პარტნიორობის ფორმატში (EOP) საქართველოსა და იორდანიის გაფართოებული შესაძლებლობები განიხილეს.
დღესვე, ქართველმა და იორდანელმა გენერლებმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იორდანიის დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება. სტუმრები სსსტც „დელტასაც“ მოინახულებენ და საქართველოს სამხედრო სამრეწველო შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნობიან, – აღნიშნულია ინფორმაციაში.