რუსეთი უცხოურ ვაქცინებს აღიარებს – მოქალაქეები, რომლებიც უცხოური ვაქცინებით არიან აცრილები, კოვიდპასპორტებს მიიღებენ
რუსეთის ვიცეპრემიერმა, ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა, რომ მოქალაქეები, რომლებიც COVID-19-ის საწინააღმდეგო უცხოური ვაქცინებით არიან აცრილები, ანტისხეულებზე ტესტის ჩაბარებასა და 6 თვით სერტიფიკატის მიღებას შეძლებენ.
მისი თქმით, რუსები, რომლებიც აცრილები არიან Sputnik V ვაქცინით საზღვარგარეთ, ასევე შეძლებენ სერტიფიკატის მიღებას ანტისხეულების ანალიზის ჩაბარებით.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, ასევე, აშშ-ისა და ევროპის მარეგულირებლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინების გამოყენების რეკომენდაცია გაცემული არ აქვთ, შესაბამისად, კოვიდპასპორტების გაცემისას ამ პრეპარატით აცრა გათვალისწინებული არ არის.
ანალოგიური მიდგომა აქვთ რუსეთშიც, თუმცა, გასულ თვეს დაიწყო საუბრები იმის შესახებ, რომ მოხდეს რუსების მხრიდან უცხოური ვაქცინების “აღიარება”.
გოლიკოვას დღევანდელი განცხადების კომენტირებისას სენატორმა, ვლადიმირ კრუგლიმ თქვა, რომ უცხოური ვაქცინებით აცრილი მოქალაქეებისთვის სერტიფიკატის შეთავაზება აღიარებას არ ნიშნავს.
მისი განმარტებით, ეს არის “სერტიფიკატის აღიარება ანტისხეულების სანაცვლოდ, ანუ – ვაქცინაციის ფაქტის აღიარება”.