პარლამენტის აპარატის თანამშრომლები ევროპის სამართლისა და მმართველობის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებში ჩაერთვებიან

საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისათვის ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (European Public Law Organization -EPLO) ევროპის სამართლისა და მმრთველობის უნივერსიტეტის (European Law and Govenrnace School – ELGS) მიერ საგანმანათლებლო საგრანტო პროექტი შემუშავდა, რომლის ფარგლებში პარლამენტის აპარატის 7 თანამშრომელს, კონკურსის საფუძველზე, შესაძლებლობა მიეცა, სწავლის ანაზღაურების გარეშე, ჩაერთოს ELGS-ის ორ სამაგისტრო პროგრამაში – Master of EU Law (სამაგისტრო პროგრამა ევროკავშირის სამართალი) და Master of European Governance (სამაგისტრო პროგრამა ევროპული მმართველობა).

საქართველოს პარლამენტმა „საქართველოსა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის სამხრეთ კავკასიაში EPLO-ს რეგიონული ოფისის სტატუსის შესახებ” შეთანხმების რატიფიკაცია რამდენიმე საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, მიმდინარე წლის მარტში მოახდინა, ხოლო მოგვიანებით, საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე EPLO-ს წარმომადგენლობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენა გაიმართა.

ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაცია (European Public Law Organization-EPLO) არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 2007 წელს დაარსდა და ამჟამად მასში ევროპის 17 ქვეყანაა გაწევრიანებული. EPLO-სთან თანამშრომლობს 200-მდე საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. EPLO თავის საქმიანობას 70 ქვეყანაში ახორციელებს. საქართველო EPLO-ს წევრია 2010 წლიდან. EPLO-ს მთავარი მისია ევროპული ფასეულობების განმტკიცება და ევროკავშირის სტანდარტებისა და ნორმების დამკვიდრებაა, ევროპული საჯარო სამართლის, ევროკავშირის კანონმდებლობისა და დემოკრატიული მმართველობის საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესახებ ცოდნის გავრცელების გზით როგორც ევროკავშირში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები