ლუკაშენკო ევროპას გაზის ტრანზიტის შეწყვეტით კიდევ ერთხელ დაემუქრა

ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, რესპუბლიკამ შესაძლოა, ევროპაში გაზის ტრანზიტი შეწყვიტოს, თუ დასავლეთის სანქციები მინსკს საგანგებო მდგომარეობაში ჩააყენებს და რეაგირების სხვა გამოსავალი არ იქნება.

ამის შესახებ მან თურქულ ტელერადიოკომპანია TRT-სთან ინტერვიუში თქვა.

„თუ სანქციები, რომლებსაც ისინი აწესებენ ან შემოიღებენ მომავალში, საგანგებო მდგომარეობაში ჩაგვაგდებს და არ გვექნება სხვა ზომებით ვუპასუხოთ მათ სანქციებს, ჩვენ ვისარგებლებთ ამ მკაცრი ზომით“, – თქვა ლუკაშენკომ.

ამავე ინტერვიუში მან თქვა, რომ ბელორუსის და რუსეთის კავშირი უკეთესი იქნება, ვიდრე – ევროკავშირის.

“ბელორუსისა და რუსეთის გაერთიანება იქნება უფრო ძლიერი, გააზრებული და მოწინავე ინტეგრაციული გაერთიანება, ვიდრე ევროკავშირი. პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ ჩვენ გავითვალისწინებთ ევროკავშირის ყველა შეცდომას, რომ ისინი არ გავიმეოროთ. და დადებით გამოცდილებას, რომელიც ჩვენთვის იქნება სასარგებლო – გამოვიყენებთ. მეორეც, ჩვენ ხომ ერთიანი სახელმწიფოსგან მოვდივართ – საბჭოთა კავშირიდან. და უკვე ბევრი რამე ვცადეთ იქ. ჩვენ ვიცით, რა დავტოვოთ საბჭოთა წარსულიდან და რა არ გამოგვადგება მომავალში. ამიტომ, ეს იქნება უფრო ძლიერი, გააზრებული და მოწინავე გაერთიანება“, – განაცხადა ბელორუსის ხელმძღვანელმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ინტეგრაციის პროცესი იქნება პროგრესული და არანაირ ვადებთან არ იქნება მიბმული.

„ჩვენ თავს არ ვუწესებთ ვადებს – 2025, 2030 ან რაიმე სხვა წელს. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ წავალთ პრობლემების გადაჭრაში“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები