პაატა მანჯგალაძე: პრეზიდენტის ინიციატივა მისაღებია, ახლა უნდა ვნახოთ, ეს დემოკრატიული ფასადის შექმნისთვის ნათქვამი სიტყვებია თუ ამის უკან დგას კონკრეტული შინაარსი

“პოლარიზების დასრულებასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის იდეა სწორი და მისაღებია, ახლა უნდა ვნახოთ, ეს დემოკრატიული ფასადის შექმნისთვის ნათქვამი სიტყვებია თუ ამის უკან დგას კონკრეტული შინაარსი და კონკრეტული პოლიტიკური ნება “ქართული ოცნების”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე სამი პრეზიდენტის შეხვედრის თაობაზე მიხეილ სააკაშვილის ინიციატივასაც გამოეხმაურა.

„ჩვენ ერთმანეთთან არ უნდა ვიყოთ დაპირისპირებულები მთავარ ფუნდამენტურ საკითხებზე: სამართლიანი სასამართლო, სამართლიანი არჩევნები და პოლიტიკური დევნის დასრულება. ამ საკითხებზე უნდა მივაღწიოთ თანხმობას. სამი პრეზიდენტის შეხვედრის იდეას რაც შეეხება, ამ მოცემულობაში რაც გვაქვს, იმ პოლიტიკური ნების პირობებში, რასაც “ქართული ოცნებისგან” ვხედავთ, გამორიცხული მგონია, რადგან ისინი არიან ხიბლში და “ქართულ ოცნებაში” არ მეგულება პოლიტიკოსი, რომელსაც ეყოფა გამჭრიახობა, პოლიტიკური სიბრძნე და რომელიც დაინახავს რისკებს სამომავლო დაპირისპირების, ამიტომ მათ არ აქვთ დისკომფორტი და ვფიქრობ, “ქართული ოცნების” პირობებში შეუძლებელია მაგ ინიციატივის რეალიზება მყისიერად და მალე, მომავალში სხვა გზა არც გვაქვს”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: “როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას ვდებ, რომ წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები