„ომიკრონის“ დიდი „ტალღა“ მოდის“ – ბრიტანეთში ახალი შტამის წინააღმდეგ „ბუსტერდოზები“ და ჯარი ჩართეს
ბრიტანეთის პრემიერმინისტრის თქმით, „ომიკრონის“ გამო, ქვეყანა საგანგებო ზომებს იღებს და 18 წლის წლის ზემოთ ყველა მოქალაქეს „ბუსტერდოზებს“ სთავაზობენ.
„არავის უნდა ჰქონდეს რამე ეჭვი, რომ „ომიკრონის“ დიდი „ტალღა“ მოდის”, – განაცხადა ბორის ჯონსონმა სატელევიზიო მიმართვაში.
მისი თქმით, ახლა ქვეყანა „ბუსტერდოზებზე“ უნდა იყოს ფოკუსირებული. ჯონსონის ინფორმაციით, კოვიდის საფრთხის დონე, „ომიკრონის“ გამო, მეოთხემდე გაიზარდა. მაისში გამოცხადებული მეოთხე დონე კი ნფექციის გავრცელების მომატებულ დონეს ნიშნავს.
„ახლა უკვე დაზუსტებით ვიცით, რომ ვაქცინის 2 დოზა არ იძლევა საკმარისი დაცვის საშუალებას, თუმცა, კარგი ამბავი ის არის, ჩვენი მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ „ბუსტერ დოზით“ შეგვიძლია იმუნიტეტის საკმარისად გაძლიერება“, – განაცხადა ჯონსონმა.
მისი თქმით, შტამი იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ თუ მოსახლეობა „ბუსტერდოზებს“ არ გაიკეთებს, საავადმყოფოები გადაიტვირთება.
ჯონსონის განცხადებით, ვაქცინაციას რომ ხელი არ შეეშალოს, ჩანიშნული სამედიცინო ვიზიტების ნაწილი ახალი წლისთვის გადაიწევს.
ბრიტანეთის პრემიერმინისტრის თქმით, პროცესის დასახმარებლად ჯარისკაცებით დაკომპლექტებული, 42 ჯგუფი გადანაწილდება ქვეყნის მასშტაბით, ქვეყანაში გაიხსნება ვაქცინაციის დამატებითი პუნქტებიც. კლინიკების სამუშაო დრო გახანგრძლივდება, ათასობით მოხალისეს ვაქცინაციისთვის გადაამზადებენ.
კვლევების წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ „ბუსტერი“ ადამიანს, „ომიკრონის“ შემთხვევაში, დაახლოებით, 75%-ით იცავს კოვიდის სიმპტომებისგან.