ქვეყანა ევროპაში, სადაც ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია – ბულგარეთში აცრაზე უარს ამბობენ, კოვიდის შემთხვევები კი იზრდება

ევროპაში ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით ბულგარეთი გამოირჩევა. „ევრონიუსის“ ცნობით, ქვეყანაში სრულად აცრილი მოსახლეობის მხოლოდ 26.4%-ია. ამის მთავარ მიზეზებად ლოგისტიკური პრობლემები, პოლიტიკური არასტაბილურობა და საჯარო ინსტიტუციებისადმი დაბალი ნდობა სახელდება.

ბულგარეთის დედაქალაქ  სოფიაში თითქმის ყოველ კვირას იმართება საპროტესტო აქციები, მოსახლეობის ნაწილი ვაქცინაციასა და „მწვანე პასპორტებს“ აპროტესტებს.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსანდარ ზლატანოვი ამბობს, რომ ქვეყანაში 8 თვეში სამი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რის გამოც პოლიტიკურად არასტაბილური მდგომარეობაა და ვაქცინაციის კამპანიაც ამიტომ ჩავარდა. თუმცა, მისი თქმით, მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება.

„ვაქცინაციის მაჩვენებელი, აგვისტოსთან შედარებით, სამჯერ მაღალია. ველოდებით, რომ დეკემბრის ბოლომდე 4-5-ჯერ გაიზრდება ვაქცინირებულების რაოდენობა“, – ამბობს ზლატანოვი.

სოფიის ყველაზე აქტიურად მოქმედი ვაქცინაციის ცენტრში მისული ადამიანების დღიური საშუალო მაჩვენებელი 700-ია მაშინ, როდესაც ცენტრი დღეში 2 ათასი ადამიანის აცრაზე იყო გათვლილი.

ბულგარეთში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინფიცირების შემთხვევებმა 714 ათასს გადააჭარბა, კოვიდმა იმსხვერპლა 30 ათასამდე ადამიანი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები