ნინო წილოსანი: ქალების ეკონომიკური გაძლიერების საკითხი ჩვენს პოლიტიკაში აუცილებლად და ლოგიკურად შემოდის

„არაერთმა კვლევამ, პრაქტიკამ აჩვენა, რომ მაშინ, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით ჩვენ გვაქვს კარგი კანონმდებლობა, ქალების გარკვეული ნაწილი ვერ აღწევს ამ ძალადობას თავს იმიტომ, რომ ისინი არ არიან ეკონომიკურად დამოუკიდებელი და, სამწუხაროდ, სწორედ ამ მიზეზებიდან გამომდინარე, ისინი ვერ იწყებენ ბრძოლას ამ ძალადობის წინააღმდეგ, ამიტომ, ჩვენს პოლიტიკაში აუცილებლად და ლოგიკურად შემოდის საკითხი ქალების ეკონომიკური გაძლიერების”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა დღეს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე – ადამიანთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება და უთანასწორობის შემცირება განაცხადა.

ნინო წილოსანი მონაწილეობდა აღნიშნული ფორუმის ერთ-ერთი სესიის – „გენდერული თანასწორობა – ეკონომიკური გაძლიერება როგორც უფლებების დაცვის მექანიზმი” – მუშაობაში და მის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული მუშაობის გამოცდილება გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა იმ მთავარ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტა უმნიშვნელოვანესი იქნება იმისათვის, რომ ქვეყანამ გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს ამჯერად უკვე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით.

„ქალთა ეკონომიკური გაძლიერება გარკვეული წლების განმავლობაში არ იყო გენდერული მეინსტრიმინგის მთავარი აქცენტი. ეს რა თქმა უნდა ახსნადია იმით, რომ ჩვენ ვიდექით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის წინაშე. ეს არის ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა. საბაზისო პრობლემაა ქალების პოლიტიკაში გაძლიერების კვოტების მიღება და, რა თქმა უნდა, ძალიან ლოგიკურად და ობიექტურად უკვე ბოლო ორი წლის განმავლობაში მივადექით საკითხს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების – გააქტიურების, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, და პირადადაც ასე მიმაჩნია, ეს არის ერთ-ერთი ღერძი ყველა იმ სხვა საკითხებთან დაკავშირებული, რომლებიც თუნდაც ქალთა მიმართ ძალადობას, ან ქალების პოლიტიკაში მონაწილეობას უკავშირდება”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, ქალების პოლიტიკაში ჩართვა დამოკიდებულია მათ ეკონომიკურ დამოუკიდებლობასთან, ამიტომ გენდერული თანასწორობის საბჭო განსაკუთრებულ აქცენტებს აკეთებს ამ მიმართულებით ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე.

„ჩვენ გვაქვს ორი ხელშესახები საკითხი – ერთი თემატური მოკვლევა, რომელიც აანალიზებდა სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალების ხელმისაწვდომობას და იმ ბარიერებს, შეზღუდვებს, რომლებიც ამ მიმართულებით იყო. შესაბამისად, გარკვეული მიგნებები და პრობლემების გადაჭრის გზებიც გამოიკვეთა და მეორე, რაზეც ახლა ჩვენ თქვენს ორგანიზაციასთან (UNDP) ერთად ვმუშაობთ, ეს არის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფცია, რომელსაც პარლამენტი აუცილებლად მიიღებს, რომელიც იქნება პოლიტიკის ხედვის დოკუმენტი და რამდენიმე წლიან გეგმას დასახავს როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებებისათვის, თუ რა თანმიმდევრული და კოორდინირებული ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ქალების ეკონომიკური გაძლიერება რეალური იყოს”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები