ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფარგლებში ვებინარი გაიმართა

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფარგლებში გაიმართა ვებინარი თემაზე: პარლამენტის როლის გაძლიერება საგანგებო სიტუაციების დროს: გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოსთვის.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც დაკავშირებულია საპარლამენტო ზედამხედველობის როლთან, რაც პირდაპირ ინიცირებულია კოვიდ 19-ით გამოწვეულ ეფექტზე. მნიშვნელოვანია ამ ეფექტიდან გამომდინარე, როგორ უნდა განხორციელდეს პარლამენტის მუშაობა და გარკვეული გამოწვევები როგორ უნდა იქნას დაძლეული”, – ამის შესახებ ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხებზე ექსპერტების მონაწილეობით, დიდი დროის განმავლობაში, პარლამენტში, საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაო წარიმართა. „გაკეთდა გარკვეული ანალიზი, თუ რა სიტუაცია შეიქმნა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. მნიშვნელოვანია იმ გამოცდილებების გაზიარება, რომელიც სწორედ საუკეთესო მაგალითებს წარმოაჩენს, რათა პანდემიით გამოწვეული კრიზისული ვითარების დროს, პარლამენტის ფუნქციონირება სრულფასოვნად იქნას გაგრძელებული და არსებული სიტუაციების შესწავლით, საქართველოს პარლამენტმა გამოიტანოს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული გამოცდილებები ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილების სხვადასხვა მაგალითებიდან, რათა ჩვენი პროცესები შეუფერხებლად წარიმართოს.

დღევანდელი შეხვედრა შესაძლებლობას მოგვცემს, რომ უფრო აქტიურად განვიხილოთ ის საკითხები, რაც ჩვენს რეალობაში დგას და გამოვიდეთ ამ საჭიროებებიდან”, – განაცხადა გივი მიქანაძემ. ვებინარში მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში მმართველობისა და ადამიანური კაპიტალის მიმართულების ხელმძღვანელმა, კოლომბ დე მერსიმ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის გუნდის ხელმძღვანელმა გიგი ბრეგაძემ. ვებინარში ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი სერ ევან პოლ სილქი მონაწილეობდა, რომელმაც პრეზენტაციები წარადგინა თემებზე: „საპარლამენტო ზედამხედველობა საგანგებო სიტუაციების დროს – ზოგადი გამოწვევები” და ასევე, „საპარლამენტო ზედამხედველობა პანდემიის პირობებში – როგორ იმოქმედეს პარლამენტებმა”. ვებინარის მსვლელობისას გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: საპარლამენტო ზედამხედველობა საგანგებო სიტუაციის დროს საქართველოში. ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნის გამოცდილებაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა.

„როგორც კი დაიწყო პანდემიით გამოწვეული სირთულეები, იმთავითვე პრობლემა გაჩნდა საზედამხედველო ფუნქციების ეფექტიანობის და ზოგადად, პარლამენტის ფუნქციების შესრულების სრულფასოვნების, თუმცა პარლამენტი არ იყო ამ თვალსაზრისით გამონაკლისი. პრობლემა გაუჩნდა ყველა უწყებას. ეს იყო უდიდესი გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის და საქართველო არ ყოფილა გამონაკლისი, მაგრამ აღმასრულებელი ხელისუფლება, სასამართლო ხელისუფლება პარლამენტი, სწრაფად ადაპტირდა ამ გამოწვევებთან. მიუხედავადა ამისა, მაინც რჩება გამოწვევები”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. მან სხვადასხვა სფეროებში პანდემიიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, დაკვირვების პროცესები საჭიროებს საპარლამენტო დონეზე მეტად ინსტიტუციონალიზაციას იმ პერიოდის განმავლობაში, რა დროსაც პანდემიურ რეჟიმში მუშაობა იქნება აუცილებელი.

„საპარლამენტო ფუნქციათა შორის პრიორიტეტულად უნდა იქნას განხილული საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქცია. საკმაოდ დიდი დისკუსიის ფონზე წარიმართა პანდემიის მართვის მოდელი, რომელიც საქართველოს მიერ იქნა შერჩეული და როდესაც დადგენილებით გახდა შესაძლებელი ცალკეული უფლებების შეზღუდვა მოქმედი კანონის შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში. ასეთ დროს პრაქტიკაზე დაკვირვება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, პარლამენტის მხრიდანაც საზედამხედველო ფუნქციების გამოყენების თვალსაზრისით გაცილებით მეტი რესურსი და ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა, თამარ კორძაიამ პანდემიის პერიოდში, საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით პარლამენტმა აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ ჭარბი უფლებამოსილების დელეგირება მოახდინა. „პირველ ეტაპზე ეს დასაშვები იყო, თუმცა 2 წლის თავზე აღმასულებელ ხელისუფლებას ისევ ვუგრძელებთ იმ ჭარბ უფლებამოსილებას, რომელიც დროებით გადავეცით. აღმოვჩნდით იმ რეალობის წინაშე, რომ ჩვენ ისევ არ ვართ მზად სიღრმისეულად ვიმსჯელოთ იმ საკითხებთან დაკავშირებით, უნდა დავუტოვოთ მთავრობას ეს უფლებამოსილება თუ პარლამენტმა ავიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა”, – განაცხადა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრმა. მან საკანონმდებლო ორგანოში მომხსენებლებისა და თანამომხსენებლების ინსტიტუტის ამუშავება სესთავაზა. „აუცილებელია საქართველოს პარლამენტში მომხსენებლების და თანამომხსენებლების ინსტიტუტის ამუშავება, რათა ოპოზიციის ხმაც თანაბრად ისმოდეს. ეს არ იქნება ომი ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, რადგან 2 წლის განმავლობაში ოპოზიციამ ნათლად აჩვენა, რომ კოვიდი არის თემა, სადაც ოპოზიცია პრობლემებზე საუბრობს, შესაძლოა საქმიანად აკრიტიკებს ხელისუფლებას, მაგრამ ამ ნაწილში არ ებრძვის მას”, -განაცხადა თამარ კორძაიამ.

ვებინარის მსვლელობისას, რეკომენდაციები და მოსაზრებები წარადგინა საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს საპარლამენტო მდივანმა, ლიკა საჯაიამ. ვებინარს, რომელშიც ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, ამ საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის ორგანიზაციები და საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლები მონაწილეობდნენ, მოდერაციას უწევდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საპარლამენტო პროექტის მენეჯერი, სოფო გურული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები