სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად ბადრი ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ და ავთანდილ წერეთელმა დატოვეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად სამივე ბრალდებულმა: ბადრი ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ და ავთანდილ წერეთელმა დატოვა.
ბრალდებულების პროტესტი მოსამართლის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც აღნიშნა, რომ მოწმეთა ჩვენებების მიცემის შემდეგ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის დრო დგებოდა.
აღნიშნული თავდაპირველად მიუღებელი აღმოჩნდა მამუკა ხაზარაძისთვის, რომელმაც განაცხადა, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სამივე მოწმემ საკმაოდ ბევრი ისაუბრა და ასე დაჩქარებულ რეჟიმში დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა გაუგებარია.
მოსამართლემ საპასუხოდ განაცხადა, რომ ხაზარაძის აღშფოთება მისთვის გაუგებარია, რადგანაც დასკვნითი სიტყვა ბრალდების მხარესაც უნდა ეთქვა.
სხდომათა დარბაზიდან ხაზარაძის გასვლის შემდეგ, დარბაზი ავთანდილ წერეთელმა და ბადრი ჯაფარიძემაც დატოვეს.