კომიტეტში ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში” ცვლილებების თაობაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.
პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტი ითვალისწინებს სისტემაში ინსტიტუციური მოწყობისა და მმართველობის იმგვარი მოდელის ჩამოყალიბებას, რომელიც მნიშვნელოვნად გაამარტივებს, გააუმჯობესებს და უფრო ეფექტიანს და ეკონომიურს გახდის კოდექსით გათვალისწინებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროში გადაწყვეტილებების მიღების პროცესს.
პროექტში ასახულია პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ 2020 წელს განხორციელებული ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის პროცედურის შედეგად შემუშავებული „გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიშით” გაცემული რეკომენდაციები. კომიტეტის მიერ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვამდე გამართულ შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორისა და დაინტერსებული პირების მხრიდან გამოითქვა მოსაზრებები და წინადადებები განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე თავისი მოსაზრებები წარადგინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის თქმით, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში” ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა კვლავაც გაგრძელდება საჯარო და საკომიტეტო ფორმატში.