„ღვინისფერი“ კრებული და აქამდე უცნობი საქართველო

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში თანამედროვე ქართველი ქალი მწერლების ანთოლოგია – „მთვარის მშრალი მხარე“ – წარადგინეს, რომელიც აერთიანებს ლიეტუვურ ენაზე თარგმნილ 21 მოთხრობას. ნანა დევიძესთან ერთად მთარგმნელები არიან, აგრეთვე _ ლიდია გიორგობიანი და ვიქტორია ვალენტაიტე.
კრებული გამოიცა ნანა დევიძის იდეით,  ლიეტუვის მწერალთა კავშირის თავმჯდომარის, ბირუტე იონუშკაიტეს ხელშეწყობით და ლიეტუვის ლიტერატურისა და ფოლკლორის ინსტიტუტის მიერ. კრებულის შემდგენელია სოლვეიგა დაუგირდაიტე, რედაქტორი – დანუტე კალინაუსკაიტე.

ნანა დევიძე:
„ლიეტუვის კულტურის განვითარების პროგრამა 2000-იანი წლების დასაწყისში ამუშავდა და დღემდე წარმატებით აგრძელებს მუშაობას. ორ წელიწადში ერთხელ ისინი   მთელი მსოფლიოდან  სემინარზე აგროვებენ ლიეტუვური ლიტერატურის მთარგმნელებს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი სემინარის მსვლელობისას გავიგე, რომ ლიეტუვაში იმართებოდა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისა და სოციალისტური ბანაკის ქვეყნების ახალგაზრდა შემოქმედთა შეხვედრა-სემინარები. ამ სემინარების „დიასახლისი“ იყო მწერალთა კავშირის მაშინდელი მდივანი, პროზაიკოსი ბირუტე იონუშკაიტე. ამიტომ მას ვთხოვე, იქნებ გამოძებნილიყო საშუალება, რომ სემინარებში ქართველებიც ჩაბმულიყვნენც. მე არ შევეხები იმ საორგანიზაციო პრობლემებს, რომელთა გადალახვაც  მოუხდათ ლიეტუველებს და პირადად ამ გასაოცარ ქალბატონს, რომელიც დღესაც თავდაუზოგავად ზრუნავს ქართულ-ლიეტუვური კულტურულ-ლიტერატურული ურთიერთობების განმტკიცებისთვის, მან ყველა ძალ-ღონეს მიმართა, რათა ჩვენები ამ სემინარის მონაწილენი გამხდარიყვნენ. და მართლაც, 2009 წლიდან ქართველებიც მიგვიწვიეს და 2010 წლიდან 2015 წლამდე (სანამ სემინარების დაფინანსება შეწყდებოდა), მასში დაახლოებით ოცმა ქართველმა მწერალმა მიიღო მონაწილეობა.
ყოველ წელიწადს გამოდიოდა სემინარის მონაწილეთა პროზისა თუ პოეზიის კრებულები. დაგროვილი მასალის ბაზაზე ცალკე წიგნად გამოიცა კრებული „თანამედროვე ქართველი პოეტები“. მოგვიანებით დაიბადა იდეა, რომ ასევე ცალკე წიგნად გამოცემულიყო ლიეტუვაში ქართველ პროზაიკოს ქალთა კრებული, ხოლო საქართველოში – ლიეტუველი ქალებისა. რა თქმა უნდა, კრებულის ფორმატიც გაიზარდა და, სემინარის მონაწილეთა გარდა, ამ წიგნში შევიდა კიდევ რამდენიმე თანამედროვე ქართველი მწერლის პროზა.  კრებული მოიცავს 21 ავტორს და გამოირჩევა არა მხოლოდ თემების, არამედ სტილური მრავალფეროვნებითაც. ორი კრებულის მომზადებამ მოითხოვა ხანგრძლივი და ძალიან სერიოზული მუშაობა. პწკარედულ თარგმანს ვაკეთებდით ვიკტორია ვალენტაიტე, ლიდია გიორგობიანი და მე.
საინტერესო იყო, რომ წიგნის ყდის ფერი – ფერი ქართული ღვინისა – ლიეტუვურმა მხარემ სპეციალურად შეარჩია. წიგნის სათაურია – „მთვარის გამომშრალი სახე“, ეს ფრაზა ირმა ტაველიძის მოთხრობა „ანტილოპადან“ არის ამოღებული.  სათაურის შერჩევაც არ არის შემთხვევითი. ეს იყო ერთგვარი მცდელობა სტერეოტიპის რღვევისა. ლიეტუველები ახლა მთვარეს (ქართველ ქალებს) არა მხოლოდ იმ მხრიდან შეხედავენ, რომლიდანაც მათ სტერეოტიპი კარნახობდა, არამედ იმ მხრიდან, რომელიც არ ჩანდა და მათთვის უცხო იყო.
ჩვენი ლიეტუველი მეგობრები ამაზე არ გაჩერდნენ და ამა წლის 15 ნოემბერს ჯერ ვილნიუსში, მწერალთა კლუბში,  ხოლო 16 ნოემბერს კი იურბარკასის რაიონის ქალაქ ველიუნოს კულტურის ცენტრში გაიმართა კრებულის წარდგენა. სამწუხაროდ, კოვიდის გამო მე ამ ღონისძიებას გამოვეთიშე, მაგრამ იქ მონაწილე პროზაიკოსები გაგიზიარებენ თავიანთ შთაბეჭდილებებს“.
ლიდია გიორგობიანი:
„მე   ლიეტუველი გახლავართ. დიდი ხანია ვცხოვრობ საქართველოში და სკოლაში რუსულ ენას ვასწავლი. ძალიან მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიმეღო ამ პროექტში. საქმე ისაა, რომ ორი კრებულისთვის მასალის მომზადება, შერჩევა, პწკარედული თარგმანის მომზადება ძალიან სერიოზული და შრომატევადი საქმე აღმოჩნდა.  აი ამ საქმეში „შემომიტყუა“ ქალბატონმა ნანა დევიძემ, რის გამოც მას დიდ მადლობას ვუხდი. მე ჩემი თავი სრულიად სხვა სფეროში აღმოვაჩინე. ქალბატონი ნანა, მე და ვიქტორია ვალენტაიტე ვამზადებდით პწკარედულ თარგმანს. მომეცა გასაოცარი შესაძლებლობა, გავცნობოდი თანამედროვე როგორც ქართველ, ასევე ლიეტუველ ავტორებს. და, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს პროექტი დამეხმარა სრულიად ახალი მხრიდან დამენახა და აღმომეჩინა სამყარო, სახელად საქართველო.
ეს ქალები სამშობლოზე წერენ, ისინი ყვებიან თავიანთ ისტორიებს, სადაც ყველაფერი დანახულია ქალის პოზიციიდან – ყველა მოვლენა, გრძნობა, განცდა.
ძალიან მიხარია, რომ ლიეტუველი მკითხველი, როცა ამ წიგნს ხელში აიღებს, გაეცნობა არა მხოლოდ თანამედროვე ქართველ პროზაიკოს ქალებს, არამეს აღმოაჩენენ მათთვია აქამდე უცნობ  საქართველოსაც“.
მაკა ლდოკონენი:
„ლიეტუვასთან არაერთი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს, თუმცა ზუსტად რომელ დღეს შემიყვარდა, ვერ ვიხსენებ.
შესაძლოა, ათი წლის წინ, ნანა დევიძემ რომ დამირეკა და მითხრა, შენს მოთხრობას  ლიეტუვურ ენაზე გადავთარგმნით, მერე ჩემთან და რამდენიმე ავტორთან ერთად პალანგაში გაემგზავრები, ლიეტუველ მწერლებს გაიცნობ და ერთად იმუშავებთო…
შესაძლოა, ვილნიუსიდან პალანგასკენ მიმავალ გზაზე მოვიხიბლე უკიდეგანო მინდვრებით, დაგორგოლავებული ზვინებით, უგორაკო ჰორიზონტისკენ ჩაწიკწიკებული თეთრი, ფაფუკი ღრუბლებით…
იქნებ, წიგნში თავჩარგულმა, ყავის გამყიდველმა თინეიჯერმა  გოგონამ აღმაფრთოვანა, გზადაბნეულები მანქანით რომ მივადექით და სასტუმროს მისამართი ვკითხეთ…
ჩრდილოეთის ზღვის აგვისტოს სუსხმა თუ კუნძულ ნიდას ჯადოქრებმა  მომნუსხეს?.. შესაძლოა იქაურმა მხატვრებმა, ხის მთლელებმა ან გულითადმა სიმღერებმა…
აჩუ, აჩუ, აჩუ! ანუ გმადლობთ, გმადლობთ, გმადლობთ!.. გმადლობთ ყველას და ყველაფერს, ლიეტუვასთან რომ დამაკავშირეთ.
და აი, პანდემიებისა და „ლოკდაუნების“ ეპოქაში ისევ გავფრინდი ჩრდილოეთისკენ. კვალვ ზღაპრულ ლიეტუვაში ამოვყავი თავი და ქართველი ქალი ავტორების, ჩემი მეგობრებისა თუ კოლეგების მოთხრობების ანთოლოგიის წარდგენას დავესწარი… ლიეტუველი რედაქტორების გამოსვლებში უამრავი საქებარი სიტყვა მოვისმინე. მათ ძალიან მოსწონთ ჩვენი მწერლები, ჟანრობრივად თუ თემატურად მრავალფეროვან ქართული მოთხრობები; არაერთხელ მოვისმინე ისიც, რომ შურთ ჩვენი, მსგავსად რომ ვერ წერენ ლიეტუველი პროზაიკოსები. დიახ, ასე ღიად და ხაზგასმით განაცხადეს!.. ძალიან დამწყდა გული, იმ წუთას ამ ანთოლოგიის ყველა ავტორი რომ არ ისმენდა გამოსვლებს.
რაც შეეხება ჩემს მოთხრობას, უცნაური გრძნობაა, როდესაც უცნობ ენაზე უსმენ, წიგნში თვალს ადევნებ, მიჰყვები, მაგრამ იცი და ხვდები, რომელი ადგილია, მსმენელს აკვირდები… „ყველა ნივთის“ (ასე ჰქვია ანთოლოგიაში შესულ ჩემს მოთხრობას) პერსონაჟები დები არიან: მომგონია, ჩინარა და ციცელია. ადამიანის ერთ უცნაურ თვისებაზე ვცდილობ მკითხველის ყურადღების გამახვილებას. რა თვისებაა?.. ცოტა უცნაურია, მაგრამ რომ დავაკვირდეთ, რომელი ნივთები გვსურს და გვაღელვებს?.. ისინი, რომლებიც ძნელად ხელმისაწვდომია, ჩვენთვის გვინდოდა, მაგრამ სხვას ერგო, არ დავიმსახურეთ, თუმცა მიგვაჩნია, რომ არასწორად შეგვაფასეს… რა ბედი ეწევა ყველა ასეთ ნივთს?.. შეგიძლიათ, თავად შეიტყოთ, არა მარტო ქართველმა, უკვე ლიეტუველმა მკითხველმაც.
ინა არჩუაშვილი:
„ალბათ ყველას გამოუცდია მსგავსი რამ: სასიამოვნო მოგზაურობის შემდეგ შინ დაბრუნებულს (მიუხედავად იმისა, რომ დაგროვილი ემოციებიც და ჩემოდანიც კარგა ხნის გადმობერტყილია და შენი ყოველდღიური ცხოვრებაც დაბრუნებული) მძაფრი შთაბეჭდილებები დროდადრო ისევ გახსენებს თავს, კადრებად იწყებს შენ თვალწინ გაშლას და კვლავ თავიდან განგაცდევინებს ერთხელ უკვე განცდილ სიხარულს.
ახლაც ასე მოხდა: ლიეტუვა – ჩემი ბოლო მოგზაურობის მთავარი კადრია, უამრავი ქვეკადრით, რომელიც იწყება ვილნიუსით –  ჩრდილოური ნოემბრის ბოლოსთვის უჩვეულოდ თბილ მზის სხივებსა და ტაძრის ზარების რეკვაში გაყურსული მშვიდი, კეთილი ქალაქით, ცაცხვების ხეივნით დამშვენებული მთავარი ქუჩით – ლიეტუველებივით წერწეტა გედემინასის პროსპექტით და უჟუპისით – ხელოვანთა ქალაქით ქალაქში; მომდევნო კადრი კაუნასია – „ეშმაკების მუზეუმით“, ეროვნულ მუზეუმში ლიეტუველიკომპოზიტორისა და მხატვრის მიკოლაი-კონსტანტინ ჩიურლიონისის შთამბეჭდავი გამოფენითა და მუსიკით და, მისი შემოქმედების უბრალოდ მცოდნე და მთხრობელი კი არა, მისი მეტრფე, თვალებციმციმა მომღერალი გიდი ქალბატონით; კაუნასის შემდეგი კადრი, თუმცა… ეს ალბათ კადრი არც არის, ის ჯერ კიდევ ცოცხალი, ხელშესახები ემოციაა, რომელიც, იმედი მაქვს, არასოდეს არ გაქრება:
მანქანა გზას მდინარე ნემუნასის მარჯვენა შენაკადის გასწვრივ მიუყვება. მე ნანა დევიძეზე ვფიქრობ, ჩვენს მეგობარზე, ამ შეხვედრის (და არა მხოლოდ!) ერთ-ერთ ორგანიზატორზე, რომელიც კოვიდით ინფიცირების გამო, სამწუხაროდ, ჩვენ გვერდით არ იყო, და თან ულამაზესი ხედებით ვტკბები. გზისა და მდინარის შუაში  ჭალებია მოქცეული (ჩვენდა გასაკვირად, ბალახი ჯერ კიდევ  მწვანეა), და სულ მალე ციცქნა ქალაქ ველიუონასშიც შევდივართ. აქ ჩვენი ძვირფასი მასპინძლები გველოდებიან, მწერლების ოჯახი – ქალბატონი ვიოლეტა შობლინსკაიტე და ბატონი გასპარას ალექსა (რომელსაც ძალიან მოეწონა სიტყვა „გოგონი“ და ხშირად იმეორებდა ღიმილით), თავიანთ კოხტა, ერთსართულიან, ლიეტუვური ყაიდით ნაშენ  სახლში, სადაც საქართველოსთვის ცალკე კუთხეა გამოყოფილი.
კადრად კი, მოდით, ამ ფოტოს დავიტოვებ, რომელიც უსიტყვოდაც მშვენივრად გადმოსცემს ლიეტუვურ-ქართულ მეგობრობას, ლიეტუველთა განწყობას და მათ უსაზღვრო სიყვარულს ქართველებისა და, როგორც მოიხსენიებენ ჩვენს ქვეყანას – „საქართველას“ მიმართ.
დაუვიწყარი იყო ჯერ ოჯახურ სადილზე ქალბატონ ვიოლეტას ბავშვურ თვალებში აბრჭყვიალებული გულწრფელი ცრემლები, როდესაც ის ჩვენს სადღეგრძელოს ამბობდა, მოგვიანებით კი ქალაქის ბიბლიოთეკაში გამართულ საღამოზე ყელში ჩაბრუნებული ცრემლებით ნათქვამი უამრავი კეთილი სიტყვა ჩვენს ქვეყანასა და ქართველ მეგობრებზე. ამ განწყობას კი, მართლა აგვრგვინებდა ფართო მაგიდის შუაგულში მდგარი ორი პაწია, ძალიან ძვირფასი და საყვარელი დროშა.
რა თქმა უნდა, შეხვედრის საქმიან ნაწილში საკმაოდ ვრცლად ვისაუბრეთ ლიეტუვაში ჩვენი ჩასვლის მიზეზზეც, თანამედროვე ქართველ ქალთა მოთხრობებზე, „ღვინისფერ“ წიგნზე, როგორც ლიეტუვაში უწოდეს ამ ანთოლოგიას, რომლის პრეზენტაციაც წინა დღეს ვილნიუსში, ლიეტუვის მწერალთა კავშირში გაიმართა მისი თავმჯდომარის, ქალბატონ ბრუტე იონუშკაიტეს დიდი ძალისხმევითა და მონდომებით. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებსა და ლიეტუველ მწერალ ქალთა ანალოგიური ანთოლოგიის გამოცემაზეც ქართულ ენაზე; არც  ოკუპაციის თემა დაგვიწყებია, მაგრამ რომ არა ჩვენი მასპინძლების ზღვარს გადასული სიყვარული, რომელიც ყველაფერში, ყოველ მათ ფრაზაში, მზერასა თუ ჩვენთვის საგულდაგულოდ შერჩეულ სიმბოლურ საჩუქრებშიც იგრძნობოდა, ასეთი შთაბეჭდილებებით ალბათ ვერ დავბრუნდებოდით სამშობლოში.
დაბოლოს, ერთი მნიშვნელოვანი კადრიც: სუფრასთან ფეხზე წამომდგარი ბატონი გასპარას ალექსა  და მისი წაკითხული ლოცვა, რომელსაც ჩვენც ფეხზე მდგარნი და ხელიხელჩაკიდებულები ვუსმენდით და გულწრფელად გვჯეროდა, რომ ლიტერატურას ნამდვილად შესწევს ძალა, ღმერთამდე მიიტანოს ჩვენი კეთილი სურვილები“.
მარიამ მანჯგალაძე, პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი:
„ქართულ – ლიეტუვური მეგობრული, კეთილგანწყობილი და საქმიანი ურთიერთობები არ ახალია,  ყველამ იცის ამის შესახებ, ოღონდ უნდა შევთანხმდეთ, რომ მას მუდმივი ხელშეწყობა და განვითარება სჭირდება. ადამიანთა თვალსაწიერი სწორედ იმის მიხედვითაა საინტერესო და ღირებული, თუ რამდენად წიგნიერია და იმდიდრებს თუ არა სამყაროს შემოქმედებითად.  ლიეტუველ კოლეგებთან ჩემი  ურთიერთობა 2007 წელს დაიწყო, შემდეგ კი იყო არაერთი წარმატებული სამეცნიერო პროექტი, საერთაშორისო კონფერენცია, მივლინება, ხოლო 2015-2016 წლებში, მარია კიურის სახელობის სტიპენდიით, მიწვეული ვიყავი ვილნიუსის უნივერსიტეტში. სწორედ ამ დროს გავიცანი  ცნობილი ლიეტუველი მწერლები და პოეტები და დაიწყო ჩვენი მეგობრობისა და ერთობლივი პროექტების პერიოდიც, რომელთა შესახებაც არაერთი მედიასაშუალება წერდა, გადაიღეს დოკუმენტური ფილმიც.
სულ ცოტა ხნის წინ, ნოემბერში, ლიეტუვის მწერალთა კავშირის თავმჯდომარის – ბირუტე იონუშკაიტეს მიწვევით კვლავ ვეწვიე ამ გამორჩეულ ქვეყანას, სადაც, როგორც ხშირად მიყვარს ხოლმე თქმა, სულ სხვანაირად ვსუნთქავ, რადგან  სიყვარულით გაჯერებული სუფთა ჰაერია და როცა იქ ვარ, წუთის დაკარგვაც კი არ მინდა, იმდენი საინტერესო საქმის კეთება შეიძლება. ყოველთვის ასე იყო: ოღონდაც გქონდეს ღირებული იდეა, აუცილებლად  შეძლებ განხორციელებას, ხელშემწყობიც იქვე გამოჩნდება.
ჩვენი ახლანდელი ვიზიტი გამორჩეული და საპასუხისმგებლო იყო, რადგან უნდა წარგვედგინა ქართველი ქალი მწერლების მცირე პროზის ანთოლოგია – ნოველების კრებული, რომელიც არაჩვეულებრივი ლიტერატორისა და გამორჩეული მთარგმნელის – ნანა  დევიძის იდეითა და ლიეტუვის მწერალთა კავშირის თავმჯდომარის ხელშეწყობით განხორციელდა. ქალბატონ ნანას გამოცდილი მთარგმნელი – ლიდია გიორგობიანი და უნიჭიერესი ლიეტუველი, საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ახალგაზრდა – ვიქტორია ვალენტაიტეც ეხმარებოდა, შედეგი კი ასეთი იყო: წიგნის ლიეტუველი რედაქტორები, ლიტერატორები და მკითხველები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ქართველ მწერალთა წერის სტილისა და ტექსტის მოულოდნელი დასასრულის შესახებ. მათი თქმით, კრებულში წარმოდგენილ ყველა ავტორს გამორჩეული ხელწერა აქვს და ბედნიერები არიან, რომ ლიეტუველი მკითხველისთვის შესაძლებელი იქნება ნიჭიერი ქართველი ქალი ავტორების შემოქმედების გაცნობა.
ამ არაჩვეულებრივ საღამოზე, ჩემი პრეზენტაცია, სახელწოდებით „ქართულ – ლიეტუვური ლიტერატურული ხიდი“, ეხებოდა ქართული ლიტერატურის ისტორიას,  მწერლის ენას, ლიტერატურული ნაწარმოების დაბადებას უცხო ენაზე და ლიეტუვურ – ქართულ შემოქმედებით პროექტებს. არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო  ლიეტუვის მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს –  ლიეტუვურ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობების გამორჩეულ მხარდამჭერსა და სულისჩამდგმელს – ბირუტე იონუშკაიტეს;  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ლიეტუვაში – ლევან ღვარჩლიანს, რომელიც გვერდით დაგვიდგა,
ღონისძიების მხარდამჭერი გახდა და  მადლობის სიგელები გადმოგვცა კულტურული კავშირების გაძლიერებისა და ლიეტუვაში ქართული ლიტერატურის შესახებ ცნობადობის ამაღლებისათვის; ლიეტუვის პარლამენტის წევრს, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეს – პროფესორ ვილია თარგამაძეს, რომელიც დაესწრო წიგნის პრეზენტაციას და, ლიეტუვის პარლამენტის სახელით, კულტურისა და განათლების სფეროში შეტანილი წვლილისათვის, ასევე გადმოგვცა მადლობის სიგელები.
კიდევ ერთი არაჩვეულებრივი შეხვედრა – ქართველი ქალი  მწერლების ანთოლოგიის წარდგენა  იყო ცნობილი მწერლის – ვიოლეტა შობლინსკაიტეს – ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხიას“ მთარგმნელისა  და მისი მეუღლის, ასევე გამორჩეული მწერლის – გასპარას ალექსას ორგანიზებით  ველიუონაში, კულტურის სახლში, სადაც ცოდნითა და სიყვარულით შეერწყა ერთმანეთს ქართულ – ლიეტუვური ლიტერატურული და, ზოგადად, კულტურული შტრიხები. დაუვიწყარი შთაბეჭდილება დაგვიტოვა ამ დღემაც.
დარწმუნებულები ვართ, რომ ქართულ-ლიეტუვური კულტურული და სამეცნიერო თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო საინტერესო სახით წარმოჩნდება“!

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები