„თბილისის ბაროკო ფესტივალი – 2021“ დასასრულს უახლოვდება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიის, იტალიისა და გერმანიის საელჩოების მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის, „საქართველოს სინფონიეტას“ ორგანიზებითა და მონაწილეობით, 2021 წლის 10 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით, რიგით მეშვიდე „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ ტარდება.
როგორც „კვირას“ „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერმა თეა მუქერიამ აცნობა, 29 ნოემბერს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე გაიმართა ფესტივალის მესამე კონცერტი – „ბახის სამყარო“. ამ საღამოს, ერთგულ მსმენელს თავად თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა უმასპინძლა. „საქართველოს სინფონიეტამ“ და ორკესტრის სოლისტებმა მათთვის კარგად ნაცნობი იოჰან სებასტიან ბახის ნაწარმოებები შეასრულეს.
სოლისტები იყვნენ მევიოლინეები: დიანა გოგიშვილი, ანი გოგისვანიძე, გიორგი ქერელაშვილი, სტელა მკრტიჩიანი, ნათია ჩილაშვილი, ანა მამისაშვილი; კლავესინისტი და ორგანისტი – ანნა ქურდოვანიძე და კონტრაბასისტი – არმან ნაზაროვი.
2 დეკემბერს კი რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე „თბილისის ბაროკო ფესტივალმა“ მულტიინსტრუმენტალისტ სერგეი მალოვს უმანსპინძლა.
სერგეი მალოვს ქართველი მსმენელი პირველად „თბილისის ბაროკო ფესტივალზე“ 2017 წელს შეხვდა და სხვადასხვა ინსტრუმენტზე ვირტუოზული შესრულებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა აუდიტორიაზე.
არც წელს იყო გამონაკლისი, 2 დეკემბრის კონცერტზე – „ბახი 1720 – მარტოობის 300 წელი“, სერგეი მალოვი კვლავ არაერთი ინსტრუმენტით წარდგა ქართველი მსმენელის წინაშე და იოჰან სებასტიან ბახისა და ნიკოლა პორპორას ნაწარმოებები „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად ვიოლნოზე და აგრეთვე ბაროკოს პერიოდის საკრავზე – „ჩელო და სპალა“-ზე შეასრულა. კონცერტის ბოლოს კი პიკოლო ვიოლინოზე სიურპრიზად მსმენელებისთვის ანტონიო ვივალდის ცნობილი ლა მინორული კონცერტის საკუთარი ტრანსკრიფცია დაუკრა, რასაც აუდიტორიის დიდი ოვაციები მოჰყვა.
„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება და 5 დეკემბერს ლექციების ციკლს დაასრულებს თეატრმცოდნისა და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, თამარ მუქერიას საჯარო ლექცია – „თეატრი, როგორც სამყაროს მოდელი“.
ლექცია შეეხება თეატრს, რომელიც სამყაროსავით მუდმივცვალებადი და ამავდროულად ერთნაირია. თეატრი, რომელიც სარკესავით ირეკლავს ცხოვრებას და იმ დეტალებსაც კი, რომელსაც ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ ამჩნევს. ყველა ეპოქას გააჩნია ხედვის საკუთარი რაკურსი და ფორმები. თეატრალური ხელოვნება ამიტომაც არის საინტერესო, რადგან სწორედ ამ რაკურსისა თუ გამოხატვის ხერხებით შეგვიძლია ადამიანის, როგორც მოაზროვნე არსების კვლევა; მისი სურვილებისა და მიზნების დანახვა.
საჯარო ლექციაზე დასწრება თავისუფალია და გაიმართება ‘Sinfonietta Stage”-ზე (მისამართი: სანაპიროს ქ. N 4, შენობა 2, მე-8 სართული), დასაწყისი 19:00.
6 დეკემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე, „საქართველოს სინფონიეტა“ და ორკესტრის სოლისტები მსმენელებს კვლავ ბახის ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებენ და კიდევ ერთხელ შესთავაზებს კონცერტს – „ბახის სამყარო“.
„თბილისის ბაროკო ფესტივალის 2021“ დასკვნითი კონცერტი 8 დეკემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება და შესრულდება ანტონიო ვივალდის, კლაუდიო მონტევერდისა და გეორგ ფილიპ ტელემანის ნაწარმოებები.
ამ მასშტაბურ კონცერტში „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად მონაწილეობენ: საფესტივალო გუნდი არჩილ უშვერიძის ხელმძღვანელობით; სოლისტები: მეგი ჩიხრაძე (სოპრანო) და მიხეილ აბრამიშვილი (კონტრტენორი); დირიჟორი კი გახლავთ ცნობილი გერმანელი დირიჟორი და იმლინგის ფესტივალის (გერმანია) სამხატვრო ხელმძღვანელი კორნელია ფონ კერსენბროკი.
ფესტივალის ყველა ღონისძიება რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება.
კონცერტების ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ ვებგვერდზე: www.biletebi.ge და თეატრის სალაროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები