რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინისგან ჟურნალისტების გათავისუფლებას ითხოვს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს და უკრაინის ხელისუფლებისგან სააგენტო Anna-news-ის ოპერატორის ვადიმ აქსიონოვის, ასევე ბრიტანელი ჟურნალისტის გრემ ფილიპსის გათავისუფლებას მოითხოვს. ცნობილია, რომ ეს უკანასკნელი ტელეარხ Russia Today-სთან თანამშრომლობს.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ინფორმაცია რუსულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს. მათი ინფორმაციით, დღეს დონეცკის ტერიტორიაზე ჟურნალისტი და ოპერატორი უკრაინელმა სამხედროებმა უკანონოდ დააკავეს. სააგენტო Anna-news-ის განმარტებით, მედიის წარმომადგენლების კვალი მას შემდეგ გაქრა, რაც ისინი რეპორტაჟის მოსამზადებლად დონეცკის აეროპორტის მიმართულებით წავიდნენ. მას შემდეგ ჟურნალისტი და ოპერატორი კავშირზე არ გამოსულან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვარაუდს გამოთქვამს, რომ გრემ ფილიპსი და ვადიმ აქსიონოვი უკრაინის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ტყვედ აიყვანეს.