სოზარ სუბარი: ახლად შექმნილ სამინისტროს მინისტრად თეა წულუკიანის პრინციპულობის და გამოცდილების მქონე პოლიტიკოსი სჭირდება

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის შეფასებით, ახლად შექმნილ სამინისტროს, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას აერთიანებს და სადაც არაერთ გამოწვევაა, მინისტრად სწორედ თეა წულუკიანი სჭირდება, რომელიც პრინციპული და გამოცდილი პოლიტიკოსია. აღნიშნული განცხადება კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც მინისტრის საათის ფორმატში თეა წულუკიანს მოუსმინეს.

„ახლად შექმნილი სამინისტროა, რომელიც სამ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას – ახალგაზრდობის პოლიტიკას, კულტურას და სპორტს აერთიანებს და თითოეული ეს მიმართულება კიდევ იმდენ სფეროს მოიცავს, რომელთაც ერთი შეხედვით ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ, მაგრამ მაინც ყველა უაღრესად ურთიერთ კავშირშია. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ახლად შექმნილ სამინისტროს თეა წულუკიანი უდგას სათავეში, იმიტომ რომ იმდენი გამოწვევაა, რომ მისი პრინციპულობის და გამოცდილების მქონე ადამიანი და პოლიტიკოსი სჭირდებოდა, რათა მიმართულება მისცეს ამ ყველაფერს და არსებულ გამოწვევებს უპასუხოს. თეა წულუკიანთან ერთად არაერთ რეგიონში ვარ ნამყოფი და შეხვედრები გაგვიმართავს იქაურ ადგილობრივ თეატრის დასებთან ან ხალხური მუსიკის ფოლკლორის გუნდებთან ან სპორტსმენებთან და ვხედავდი როგორი იმედით შეჰყურებდნენ ეს ადამიანები და როგორ ენთებოდათ თვალები, როდესაც იმ ხედვებს ეცნობოდნენ, რაც მინისტრს აქვს ამ მიმართულებებით. ამ იმედს ნამდვილად გამართლება სჭირდება, რასაც თეა წულუკიანი ნამდვილად შეძლებს.

აქ საუბარი იყო წარსულზე, თარიღების განადგურებაზე. იცით თარიღების განადგურება რა არის? თარიღების განადგურებაა, როდესაც გვეუბნებიან, რომ ამ უძველესი კულტურის ქვეყანის ისტორია 2004 წელს იწყება, რომ 2004 წელს იქმნება ქართული სახელმწიფოობრიობა და არ გვყავდა დავით აღმაშენებელი, ფარნავაზი და გიორგი ბრწყინვალე, რომ გელათი და ბაგრატი არ აშენებულა. ეს არის თარიღების განადგურება! ისტორიის და თარიღების განადგურება არის, როდესაც ანადგურებ ველოტრეკს, რომელიც უზნაძის ქუჩაზე მდებარეობდა. ეს არ იყო უბრალოდ ველოტრეკი. ეს იყო მსოფლიოში სიძველით მეორე ველოტრეკი შემორჩენილებს შორის და მსოფლიოში ყველაზე ძველი სპორტული ნაგებობა, რომელიც ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა. ეს არის ისტორია, რომლის განადგურება არ შეიძლება, არ შეიძლება შეეხო და ხელი ახლო, მათ კი გაანადგურეს. ასევე გაანადგურეს სანაპიროზე მდებარე კორტები, სადაც იუსტიციის სახლი აშენდა. კი, იუსტიციის სახლის მშენებლობა კარგი იდეაა, მაგრამ შეიძლებოდა სხვაგან გამოენახათ მისთვის ადგილი. ეს კორტები რუსეთის იმპერიაში ყველაზე ძველი კორტები იყო და ესეც ისტორიაა, ამასაც მოფრთხილებადა შენახვა სჭირდება. არ შეიძლება ასე ხელაღებით გაანადგურო ისტორია და საკუთარი წარსული”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები