რა წერია ეკატერინე II-ის წერილში ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ

ლონდონში, აუქციონზე გაიყიდა რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-ის წერილი „შავი ჭირის“ საწინააღმდეგო ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ და მხატვარ ლევიცკის მიერ შესრულებული მისი პორტრეტი. ლოტის ფასმა 951 ათასი ფუნტი სტერლინგი (1 მილიონ 300 ათასი დოლარი) შეადგინა. მყიდველის ვინაობა არ სახელდება. მანამდე, წერილი და ნახატი რუსეთში, კერძო კოლექციაში ინახებოდა.

როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, სააუქციონო სახლ მაკ დუგლასის საიტზე ნათქვამია, რომ ეკატერინე II-ის წერილი პირველი ცნობილი დოკუმენტია რუსეთში ჩატარებული ვაქცინაციის კამპანიის შესახებ. ის 1787 წლის 20 აპრილით თარიღდება და დაწერილია ყირიმში მოგზაურობის დროს. იმპერატრიცას ადრესატი გენერალ-ფელდმარშალი, გრაფი პეტრე რუმიანცევი იყო. „სხვა აუცილებელ საქმეებთან თანაბრად, ერთ-ერთი უმთავრესი უნდა ჩაითვალოს აცრის შემოღება“, – წერს ეკატერინა. ის წერილში განმარტავს, როგორ უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია სახელმწიფოებრივ დონეზე, რადგან აცრების გარეშე „დიდი ზიანი ადგება განსაკუთრებით უბრალო ხალხს“.

თავად ეკატერინე II პირველი ადამიანი იყო, ვინც რუსეთში „შავი ჭირის“ საწინააღმდეგოდ აიცრა. ეს 1768 წელს მოხდა, ეპიდემიის პიკზე რუსეთსა და ევროპაში. როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, იმ დროისთვის იყენებდნენ ვარიოლაციის მეთოდს – ასაცრელ პირს ხელს რამდენიმე ადგილზე უსერავდნენ და დაავადებულისგან მიღებული „შავი ჭირის“ მასალა შეჰყავდათ. ამ მეთოდით აცრილებში სიკვდილიანობა 2%-ს შეადგენდა და  20-ჯერ ნაკლები იყო აუცრელებთან შედარებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები