ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა რიგის მინისტერიალში საქართველოს მონაწილეობას

ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანას შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რიგის მინისტერიალს და მის შედეგებს, რა დროსაც კიდევ ერთხელ უაღრესად პოზიტიურად იქნა შეფასებული ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომაზე საქართველოს მონაწილეობა. ხაზი გაესვა, ალიანსისთვის საქართველოს, როგორც ფასეული პარტნიორის მნიშვნელობასა და კიდევ ერთხელ გამოიხატა ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი. ამ კუთხით გენერალური მდივნის მოადგილის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და გამოიხატა მზაობა მომავალშიც აქტიურად განაგრძოს საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერება და მის ახალ საფეხურზე აყვანა.

დადებითი შეფასება მიეცა მინისტერიალის ფარგლებში ასპირანტი ქვეყნების შესახებ დოკუმენტის მიღებას. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ კმაყოფილებით აღინიშნა მინისტერიალის ფარგლებში პარტნიორების მხრიდან გამოხატული სურვილი მადრიდის ნატო-ს სამიტზე საქართველოს მიწვევის შესახებ. დავით ზალკალიანმა გენერალური მდივნის მოადგილეს კიდევ ერთხელ გააცნო ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ შემუშავებული წინადადებების პაკეტი და ხაზი გაუსვა საქართველოს აქტიურ ჩართულობას 2030 წლის სტრატეგიის შემუშავების პროცესში.

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს განსაკუთრებული როლი, როგორც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების, ასევე სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში. გენერალური მდივნის მოადგილემ კიდევ ერთხელ უაღრესად დადებითი შეფასება მისცა საქართველოს აქტიურ ჩართულობას ავღანეთის ნატო-ს მისიაში, როგორც მისიის უშუალო მიმდინარეობის, ასევე მისი დასრულების შემდგომ რეპატრიაციის პროცესში და ხაზი გაუსვა საქართველოს შემდგომი აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას რეგიონში მშვიდობის განმტკიცების საკითხზე დისკუსიებსა და ქმედებებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები