დაგჭირდებათ თუ არა „კოვიდპასპორტი“ ტრანსპორტში – სად და რომელ დაწესებულებებში მოქმედებს შეზღუდვები ახალი კონცეფციის მიხედვით

დღეიდან საქართველოში „მწვანე პასპორტები“, ანუ “კოვიდპასპორტები ამოქმედდა. გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მაღაზიებში შესასვლელადაც დაგვჭირდება, სიმართლეს არ შეესაბამება. მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ უკვე აპრობირებული მეთოდია და, მაგალითად, გერმანიაში “მწვანე პასპორტის” არმქონე ადამიანი მაღაზიაშიც კი ვერ შედის, საქართველოს მთავრობა მსგავსი შეზღუდვის დაწესებას არ გეგმავს.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ე.წ. კოვიდპასპორტის მქონე მოქალაქეები შესვლას შეძლებენ: სასტუმროებსა და განთავსების სხვა ადგილებში, კვების დაწესებულებებში, კინოთეატრებში, თეატრებში, საკონცერტო დარბაზებში, ოპერაში, გასართობ ობიექტებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ადგილებში, სპა ცენტრებსა და ფიტნეს დარბაზებში და სამთო კურორტების საბაგიროებზე.

მონიტორინგს შერჩევის პრინციპით, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური, შსს-ს და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და სურსათის ეროვნული სააგენტო გაუწევენ.
ობიექტზე “მწვანე სტატუსის” არმქონე პირის დაშვებაზე პასუხისმგებლობა დაწესებულებას ეკისრება. წესის დარღვევის შემთხვევაში, სანქცია იურიდიული პირისთვის შეადგენს 10 000 ლარს, ინდმეწარმისთვის – 2 000 ლარს. სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში ობიექტი დაილუქება.

ცნობისთვის, მოქალაქეს ე.წ. მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:

არის სრულად ვაქცინირებული; გადატანილი აქვს კოვიდ-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე; ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი; ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები