„ბავშვობაში განსაკუთრებული სიხარულით ყოველთვის მზეს ვხატავდი… ახლაც ასეა, ოღონდ უფრო ხშირად ატონს – მზის ღვთაებას ვხატავ“

ყვარელში დაიბადა და გაატარა ბავშვობა.  15 წლიდან ხატავს, მაგრამ იურიდიულზე ჩაბარება გადაწყვიტა. ხატვასთან კი თავისებური დამოკიდებულება აქვს – ყოველდღე ხატვა არ უყვარს.
იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია, პარალელურად ხელოვნება უყვარს და ბავშვებს ასწავლის ხატვას.
ამბობს, რომ პანდემიის პირველ  წელს ბევრს ხატავდა, ერთი წლის შემდეგ კი დაიწყო: ქარგვა, ქვაზე და ვაზის ფოთოლზე ხატვა, რაც ასევე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
19 წლის თვითნასწავლი მხატვრის – ელენე ტეტოშვილის პერსონა.
– ახლა რომ ვიხსენებ, ყველა გაგებით, ძალიან მაგარი ბავშვი ვიყავი. მარტო შემეძლო ჩემს თავთან საათობით თამაში. არავის ვაწუხებდი, მაგრამ ძალიან ცნობისმოყვარე და თამამი ვიყავი. ახლაც იგივე შემიძლია ვთქვა. დედისერთა ვარ და ძალიან კარგი მშობლები მყავს, რაც მთავარია, მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთან. მათ ყოველთვის ისეთ რამეს ვუყვები, რასაც არასდროს არავის მოვუყვები…
–  სწავლობთ იურიდიულ ფაკულტეტზე. რატომ გადაწყვიტეთ იურისტობა, როცა ხელოვნება და, კონკრეტულად, ხატვა გიყვარდათ?
– იურიდიული მე-7 კლასიდან ავირჩიე და დღესაც არ ვნანობ. ვფიქრობ, ჩემი ხასიათი ერგება იურისტისთვის საჭირო უნარებს, ადაპტირებადი ვარ გარემოსთან,  ადვილად უჩნდებათ ადამიანებს ჩემ მიმართ ნდობის სურვილი, სითამამე, მებრძოლი ხასიათი და სხვა.
ხატვასთან კი ჩემებური დამოკიდებულებით გამოვირჩევი – ყოველდღე ხატვა არ მიყვარს… ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს, მგონი, ხატვა უფრო გულით მიყვარს, მაგრამ გონებას სხვა საქმე სჭირდება.
–  პირველი ნახატები…
– ბავშვობიდან არ ვხატავდი. 12 წლის ასაკში დავიწყე… ვხატავდი 3 წელი, იშვითად. 15 წლის ასაკში, როცა პირველად ხატვის სიყვარული ვიგრძენი, უხეშად რომ ვთქვათ, კარგად ხატვაც მაშინ დავიწყე. ჩემს შემთხვევაში კარგად ხატვა განვითარების პროცესმა მოიტანა. მაგრამ მახსოვს, ბავშვობაში განსაკუთრებული სიხარულით ყოველთვის მზეს ვხატავდი, ამ ბოლო პერიოდშიც ასეა. ახლა ხშირად ატონს (ათონს) ვხატავ, ეს ეგვიპტურ მითოლოგიაში მზის ღმერთის ერთ-ერთი გამოვლენაა, რომელსაც თვალები სხივების ბოლოს  აქვს გამოსახული.

„ფარული თქმა“

ნახატი – ფარული თქმა
– როგორ უთავსებთ ერთმანეთს ხატვას და სწავლას?
 – ხატვა დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ ასევე – დიდ სულიერ ენერგიას. ყოველთვის ეს ენერგია არ მაქვს ნახატისთვის. ამიტომაც ყოველდღე ვერ ვხატავ და სწავლაშიც ხელი არ მეშლება. ამასთან, უნივერსიტეტის ცხრილი ისე მაქვს შედგენილი, რომ მხოლოდ 3 დღე ვსწავლობ, 2 დღე ვმუშაობ და შაბათ-კვირას ვხატავ. მსგავსი დაკავებული გრაფიკი ჩემთვის განსაკუთრებით კარგია, რამეთუ დეპრესიისკენ მიდრეკილი ადამიანი ვარ და თუ ფიქრისთვის დრო არ მრჩება, თავს ყველაზე კარგად მაშინ ვგრძნობ.
–  თქვენი ნახატები ფერების ჰარმონიულობით გამოირჩევა…
– რომელი ფერები უხდება ერთმანეთს, ეს ჩემთვის არ უსწავლებიათ. ამიტომ ყოველთვის გემოვნებით ვარჩევდი ფერებს. როცა გავიზარდე და შემეძლო ამის დახვეწა, მივხვდი, რომ აღარ მჭირდებოდა. რასაც ვაკეთებდი ჩემებურად, „დაწერილ წესებს“ სჯობდა. შთაგონებას მეტწილად ბუნება მაძლევს, მაგრამ ზოგჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ რაიმე ნაწარმოებს მოუცია შთაგონება. მაგალითად, ნახატები: „ფრთებდამტვრეული“ და „სუიციდი – ლურჯი მზე“.
ამ ორი ნახატზე ინსპირაცია თეონა დოლენჯაშვილის მოთხრობებმა „ფრთებმა“ და „ლოლამ“ მომცა. თუ წაიკითხავთ, მიხვდებით ნახატების შინაარსსაც.
მე ჩემი ყველა ნახატი მიყვარს. თითოეულს თავისი ისტორია აქვს, რასაც ხშირად არ ვყვები. ბევრ ნახატში მყავს დახატული ჩემი ოჯახის წევრები, ეზო, ქალაქი, რასაც ბევრი ვერ ხედავს.

„გადაფიფქული“

მაგალითად, ამ ნახატზე ჩემი სახლის ეზოა დახატული. დღესაც ნათლად მახსოვს, ეს იყო 2021 წლის 8 მარტი, როცა, ყველას გასაკვირად,ძლიერი თოვა დაიწყო.

„წითელი მზე – არამედ რაღაც სხვა“

ამ ნახატზეც ყვარლის ერთ-ერთი ქუჩაა ასახული, ოღონდ ვცადე, წითელი გარემო წარმომედგინა…
– რომელი მხატვრები გიყვართ?
– ზოგი მხატვარი დადებითი ენერგიის გამო მიყვარს, რაც ნახატიდან მოდის. მაგ: ფიროსმანი, ვან გოგი, მოდილიანი. მაგრამ, ტექნიკის თვალსაზრისით, მომწონს: იან ვერმეერის, ლეონარდო და ვინჩის, ბოტიჩელის, იან ვან ეიკის… შემოქმედება. ეს მხატვრები ჩემთვის ნახატში ყოველთვის ტოვებენ რაღაც იდუმალს, რაც ძალიან მიზიდავს.
– კერძოდ ასწავლით ბავშვებს… რა პრობლემები გაქვთ, როგორც ხელოვანს, თუნდაც პედაგოგს?
– ხატვაზე, სხვა საგნებისგან განსხვავებით, მხოლოდ ის ბავშვები დადიან, ვისაც უყვარს ის და უღირს თავის თავისუფალ დროდ. ამიტომ მე, როგორც პედაგოგს, სასიამოვნო გარემოს შექმნა უფრო მევალება, ვიდრე რაიმეს ახსნა, რადგან ბავშვებმა თავიანთ ნახატებზე დამოუკიდებლად უნდა იმუშაონ. აქამდე გადაუწყვეტელი პრობლემა არ შემხვედრია.
– ჰობი…
– ხელოვნებაზე და მის ყველა სფეროზე ვარ შეყვარებული, მაგრამ ამის გარდა დიდ დროს ვუთმობ ჩემს მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ჩემს შემთხვევაში კარგ განწყობას მიქმნის ბუნებაში სეირნობა, ცხოველებთან ურთიერთობა (ამიტომაც სახლში 8 კატა მყავს), წიგნების კითხვა, სწორი კვება, ვარჯიში, ასევე განსატვირთად არაბულსაც ვცეკვავ და სხვა.
– დღეს ბევრი ხატავს. როგორ უნდა იყო ყველასგან განსხვავებული, რომ არ ჰგავდე სხვებს?
– ალბათ თვითდაჯერებული უნდა იყო ტილოსთან. როცა ვხატავ, ვენდობი პროცესს და მთლიანად ვიძირები მასში. ასევე მნიშვნელოვანია, სხვა მხატვრების გავლენის ქვეშ არ ექცეოდე. ესეც გაკარგვინებს შენს სტილს. რადგან თვითნასწავლი ვარ და არავის უთქვამს, ეს ასე არა და ასე უნდა გააკეთოო, ძალიან თავისუფალი ვარ ტექნიკაში. ასე ვისწავლე და ასე ვაგრძელებ ხატვას.
– გაქვთ თქვენი გვერდი ფეისბუქზე. მაინც რომელი ნახატები მოსწონთ შეძენის მსურველებს?
– ნატურმორტები, ეკლესიები, ცნობილი ნახატების ასლები და შეკვეთით დახატული პორტრეტები.
– როგორ იმოქმედა პანდემიამ თქვენზე, როგორც ხელოვანზე?
– საბედნიეროდ, ამ პერიოდში ვირუსი არც მე და არც ჩემს ოჯახს არ შეგვხვედრია. ამიტომაც ჩემთვის ეს პერიოდი რთული არ იყო. პირიქით – პანდემიამ როგორც ყველას, ასევე მე უამრავი დრო გამომიჩნა. პირველ წელს ბევრს ვხატავდი, რაც აქამდე არ მიხატია. ერთი წლის შემდეგ დავიწყე: ქარგვა, ქვაზე და ვაზის ფოთოლზე ხატვა, რაც ასევე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
– გამოფენები და სამომავლო გეგმები…
– გამოფენა არასდროს მქონია და ამ ეტაპზე არც მსურს. თავს საზოგადოებისთვის მხატვრად არ ვთვლი. ის, რომ ჩემი დახატული ყვავილები არასდროს დაჭკნებიან, ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის, საკმარისია. თანაც სიცოცხლეში გამოფენა არც არის საჭირო. ფონზე, რომელსაც ისტორია გვაჩვენებს: „ხელოვანმა საუკეთესო, რაც შეუძლია გააკეთოს თავისი ნამუშევრებისთვის, ეს სიკვდილია“.
რაც შეეხება სხვა სამომავლო გეგმებს, ერთადერთი გეგმა – მეტი ხატვაა.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები