რატი იონათამიშვილი: “ნაცმოძრაობის” ნებისმიერი პროვოკაცია იქნება აღკვეთილი სამართალდამცავების მხრიდან
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ნებისმიერი პროვოკაცია სამართალდამცავების მხრიდან აღკვეთილი იქნება.
“უსაფრთხოების ჯიხურზე ასვლა, ღობეზე გადაძრომა, ეს არის პროვოკაცია. ამას არანაირი კავშირი არ აქვს პროტესტის გამოხატვასთან. ფაქტია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” აქციებს იყენებს იმისთვის, რომ პროვოკაციები მოაწყოს, მაგრამ ამ პროვოკაციებით ერთადერთი შედეგი რაც მათთვის დგება ეს არის, რომ კიდევ უფრო მარგინალიზაცია ხდება. “ნაციონალური მოძრობის” ყოველგვარი პროვოკაცია იქნება აღკვეთილი სამართალდამცავების მხრიდან”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ექსპრეზიდენტი პირადად ესწრება. პარალელურად, სასამართლოს ტერიტორიაზე სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.