გიორგი დანელია: საპენსიო სქემაში რეგისტრირებულია 1 222 000 პირი, პირველი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით დაგროვებითი სქემიდან 1007-მდე დასაქმებული გავიდა
საპენსიო სააგენტოს დირექტორ გიორგი დანელიას ინფორმაციით, 2021 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა 1 222 000 მონაწილეს შეადგენს.
როგორც მან პარლამენტში სააგენტოს 6 თვის მუშაობის ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, 2021 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის უფლებით 1007-მდე დასაქმებულმა ისარგებლა, მათგან 158 კი ნებაყოფლობით დაბრუნდა სქემაში.
„1-ელი იანვრიდან 30 ივნისს ჩათვლით, საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში, ჯამურად, დაგვემატა 5809 დამსაქმებელი და 60 143 ახალი დასაქმებული, რომლების სქემაში გაწევრიანდნენ. შედეგად, 30 ივნისის მდგომარეობით, 1 166 737 ადამიანია სქემის მონაწილეების რაოდენობა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საპენსიო სააგენტოს გახსნილი ჰქონდა ნომინალური მფლობელობის ანგარიშები 10 კომერციულ ბანკში, ასევე, საქართველოს ეროვნულ ბანკში. ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე არსებულ თანხებზე, საანგარიშო პერიოდში, დარიცხული ნომინალური განაკვეთი იყო 8-დან 9.65%-მდე და აღნიშნულ პერიოდში ჯამში დარიცხული სარგებელი შეადგენს 18 243 117 ლარს.
ამასთან, 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით 1007-მდე დასაქმებულმა ისარგებლა დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის უფლებით. მათგან 158 ნებაყოფლობით დაბრუნდა სქემაში. ასევე ამ პერიოდის განმავლობაში, სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა პენსიის დანიშვნისა და საპენსიო აქტივების გადაცემის შესახებ 423 განცხადება. მიღებული განცხადებებიდან დაკმაყოფილებულდა 281 განცხადება და, ჯამურად, ჩვენ მიერ გაცემულმა პენსიამ ამ 6 თვის განმავლობაში 546 851 ლარი შეადგინა.
„2021 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა 1 222 000 მონაწილეს შეადგენს. საპენსიო აქტივების მოცულობამ კი 1.89 მილიარდი ლარი შეადგინა, მათ შორის, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი 247 მილიონი ლარია. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და საშუალოდ თვეში 11 000 პირს შეადგენს,“ – განაცხადა გიორგი დანელიამ.