ლევან იოსელიანი: ერთია, რა ულტიმატუმებს აყენებს სააკაშვილი და მეორე – რა პასუხს სცემს მას “ქართული ოცნება”

“ერთია, რა ულტიმატუმებს აყენებს სააკაშვილი და მეორე – რა პასუხს სცემს მას “ქართული ოცნება”, იმდენად გაერთო ეს ორი ძალა ურთიერთდაპირისპირებაში, რომ რეალური პრობლემები რჩება ყურადღების მიღმა”, – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის ვიცესპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

დეპუტატი სააკაშვილის მორიგ ულტიმატუმს, რომ თუ მასთან დეპუტატებს არ შეუშვებენ, მედიკამენტებს აღარ მიიღებს – გამოეხმაურა.

იოსელიანი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დაანონსებული საინიციატივო ჯგუფი არ შეიქმნება.

“მე რამდენადაც ვნახე, არცერთმა საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ არ გაიზიარა მისი მოწოდება. ნაკლებად მგონია, რომ ასეთ ჯგუფს რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს და ასეთი საზოგადოებრივი მოძრაობა შეიქმნას”, – განაცხადა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის “ფეისბუქის” გვერდზე გუშინ მსჯავრდედბული ექსპრეზიდენტის განცხადება გამოქვეყნდა, სადაც ის ამბობს, რომ თუ მასთან დეპუტატების შესვლას არ დაუშვებენ, დღეიდან ის უარს განაცხადებს მკურნალობის კურსზე. ამასთან, სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მისი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფმა უნდა იმუშაოს და იმედს გამოთქვამს, რომ მისი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი მალე შეიქმნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები