„საბჭოთა რეფლექსიები 1921-1940 წლების ქართულ მწერლობაში” – მაია კობიაშვილის წიგნის წარდგენა გაიმართება

27 ნოემბერს, 15:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ  მუზეუმში  მაია კობიაშვილის წიგნის – „საბჭოთა რეფლექსიები 1921-1940 წლების ქართულ მწერლობაში”  წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მონოგრაფიაში წარმოდგენილია 1921-41 წლების ლიტერატურული პროცესების, მწერალთა პოზიციების, საბჭოთა რეჟიმის გავლენებისა და დამკვიდრებული ტენდენციების ნარატივი.
განხილულია ქართველ მწერალთა შემოქმედებითი პოზიციები, მთავრობისა და ცენზურის დამოკიდებულება კლასიკოსთა მიმართ და მათი რეაგირება ეპოქის მთავარ გამოწვევებზე. წარმოჩენილია შემოქმედთა ჩაბმის პროცესი საბჭოთა მწერლობის ფერხულში, გაანალიზებულია როგორც პროლეტარული ხაისათის ნაწარმოებები, ასევე ტოტალიტარიზმის სისასტიკეს გადარჩენილი ქართული მწერლობის შედევრები. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმ ემპირიულ მასალას, რომელიც გაბნეულია მკვლევართა ნაშრომებში.
ავტორი საარქივო მასალებსა თუ მხატვრულ ტექსტებზე დაყრდნობით, ლიტერატურის ისტორიკოსთა პოზიციიდან განიხილავს მე-20 საუკუნის ქართველ მწერალთა საბჭოთა მემკვიდრეობას, 1921-1940 წლების ქართულ ლიტერატურულ ცხოვრებასა და საზოგადოებრივი აზრის დინამიკას, რაც მკითხველს საშუალებას აძლევს, გაიზაროს საბჭოთა ეპოქის ერთ-ერთი ურთულესი ლიტერატურული რეცეფცია.

მისამართი: ჯავახიშვილის ქ. N7.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები