პროკურატურასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ოპოზიციური პარტიების: “დროას”, “ლელოს”, “გირჩი-მეტი თავისუფლების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და, ასევე, მოძრაობა “სირცხვილია” პროკურატურასთან საპროტესტო აქციას მართავენ.
მათი თქმით, ისინი რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ზეწოლას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, გადადგეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე.
ცნობისთვის, გუშინ, ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა – გიორგი კირთაძემ თქვა, რომ ბათუმის ახალი საკრებულოს გარდაცვლილ წევრ ნუგზარ ფუტკარაძეზე ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, ზეწოლას ახდენდა. მან მტკიცებულებად ჩანაწერებიც გამოაქვეყნა.
კირთაძემ ბრიფინგზე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, მისივე თქმით, ისმის, როგორ სთავაზობენ ფუტკარაძეს “ქართულ ოცნებაში” გადასვლის სანაცვლოდ 100 000 დოლარს. კირთაძის განცხადებით, ფუტკარაძემ ჩანაწერების გაკეთება მას შემდეგ დაიწყო, რაც შეხვედრები გაუსაძლის ხასიათს იღებდა.