დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი განიხილა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი განიხილა.
პარლამენტის ინფორმაციით, მომხსენებელმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განმარტა, რატომ დადგა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის აუცილებლობა. მისი თქმით, ეს იყო რამდენიმე მიმართულებით დეფიციტური პროგრამების დაფინანსების საჭიროება, პირველ რიგში პანდემიასთან დაკავშირებით არსებული ხარჯები. კერძოდ, ზაფხულში როდესაც ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდა, ჯანდაცვის სამინისტროს სწორედ პანდემიასთან გასამკლავებლად და საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად დაახლოებით 450 მლნ ლარი დაემატა, მაგრამ რამდენადაც ვაქცინაციის პროცესი არ იყო ისეთი მაღალი როგორი მოლოდინიც არსებობდა და რეალურად ნავარაუდევი 4500 საწოლის ნაცვლად 9 ათასზე მეტი საწოლის მობილიზება გახდა საჭირო, ამან მიმდინარე პერიოდში წარმოშვა დეფიციტი და იმისათვის, რომ ჯანდაცვის ხარჯები სრულყოფილად იყოს დაფინანსებული, საჭიროა გარკვეული თანხების დამატება.
მომხსენებლის თქმით, მეორე მიმართულებაა თავდაცვის სამინისტრო, რომელსაც გარკვეული მიმართულებით დეფიციტი წარმოექმნა და ამ მიმართულებით გახდა საჭირო თანხების დამატება. მესამე მიმართულება კი დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებაა.
„რაც შეეხება ცვლილებებს – შემოსავლების ნაწილში იცვლება საგადასახადო შემოსავლები, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილში იზრდება 300 მლნ ლარით, ხოლო მუნიციპალიტეტების ჩათვლით ჯამში ნაერთი ბიუჯეტის ნაწილი იზრდება 349 მლნ. ლარით”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. მან მიმოიხილა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიც, სადაც სხვადასხვა მიმართულებებით ხდება თანხების დამატება. კითხვა-პასუხის ამოწურვის შემდეგ კომიტეტმა მხარი დაუჭირა შეთავაზებულ ცვლილებებს.