„რთული ჟამი დგას! ღმერთი დავივიწყეთ!.. მაინც იმედით ვუყურებ მომავალს“! – ვინ არის პოეტი, ფსევდონიმით – „ქრისტეს მხედარი“

ლექსებს ბავშვობიდან წერს. სულიერებასაც ბავშვობიდან ეზიარა სვეტიცოვლის ტაძარში, სადაც ერთ დროს მთავარი სტიქაროსანი იყო. იქაურმა გარემომ და მცხეთის მიდამოებმა მისი პოეტური მუზა უფრო შთამაგონებელი გახადა…
მას შემდეგ მრავალი ლექსი დაიწერა, ბევრი სხვადასხვა საერთო კრებულსა და ანთოლოგიებშიც დაიბეჭდა.
აქტიურად მონაწილეობს ლიტერატურისა და საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზებაში. მისი თანადგომით უამრავ ახალგაზრდა პოეტს მიეცა პერსონალური საღამოს გამართვის შესაძლებლობა.
201
3 ლს  დააარსა ერთობა – „წმინდა ქალაქის პოეტები“,
 2021 წელს გამოვიდა  ლექსების კრებული „შენამდე“. პანდემიიგამო წიგნის მოკრძალებული წარდგენა მცხეთის კულტურის ცენტრის ფოიეში გაიმართა.
ამბობს, რომ ყველა თემაზე წერრაც აწუხებს, ტკივა თუ ხარია.
პოეზიაში ცნობილია ფსვდონიმითქრისტეს მხედარი.  –  პოეტ თენგიზ ხუციშვილი   პერსონა.

– პირველ ყოვლისა, მივესალმები თქვენს და ასევე ჩემს ერთგულ მკითხველს.
რაც შეეხება ბავშვობას – ზოგადი გაჭირვების მიუხედავად, ძალიან კარგი და მართლაც რომ ბავშვობა გვქონდა იმ დროს. არ იყო მობილურები, არ იყო შუქი, არ იყო ინტერნეტსივრცე და, შესაბამისად, მეტი დრო გვრჩებოდა ერთმანეთისთვის. ბავშვობაში, არდადეგებს, ძირითადად, ჩემს დედულეთში – წნორში (ქიზიყი) ვატარებდი და 4-5 წელი იქ ვცხოვრობდი, ჩემს ტკბილ ნინა ბებოსთან. იქ უძვირფასესი მეგობრები მყავს, რომლებთანაც დღემდე ვმეგობრობ! დილით რომ გავიხურავდით კარს, კაი დაღამებამდე არ შემოვდიოდით სახლში.  ვის ახსოვდა საჭმელი (არც ვიშიებდით თავს), ხან ბოხორის წყალზე ავდიოდით, ხან – ალაზანზე და ალაზნის ველზე მდებარე ტბებზე ვთევზაობდით… მინდა მოვიკითხო და მოვეფერო ჩემს ქიზიყს.
აქ, მცხეთაში კი, მტკვარი და „კუპალნია“ იყო ჩვენი გასართობი ადგილი, ასევე ტყეში გვქონდა „შტაბები“… ის წლებიც გამოვიარეთ, როდესაც 12-13 წლის ბავშვებს შეშა მოგვქონდა ტყიდან სახლისთვის. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ნამდვილი ბავშვობა გვქონდა.
ბავშვობის სახსოვარს რაც შეეხება, ბევრი მაქვს სხეულზე და თავზე -იარებს ვგულისხმობ.
– პირველი ლექსები…
– ვერ ვიტყვი, რომ ღრმა ბავშვობიდან ვწერ. ზუსტად მახსოვს, პირველი ლექსი 13 წლის ასაკში დავწერე. პატრიოტულ-რელიგიური ლექსი იყო. უფრო აქტიურად კი – 17 წლიდან ვწერ…
– მცხეთაში ცხოვრობთ… გარემომ არ შეიძლება პოეტური მუზა არ დაბადოს. ანუ შთაგონებას აორმაგებს გარემო. მეთანხმებით?
–  რა თქმა უნდა, გეთანხმებით. გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს. მცხეთა ღმერთის ქალაქია! როგორ შეიძლება, მცხეთაში მუზა არ მოდიოდეს და ღირებული შემოქმედება არ იქმნებოდეს! ორი დიდი მდინარე, ორგვლივ მთები, სიმყუდროვე, ტაძრები…
სვეტიცხოველში ვიზრდებოდი. ერთ დროს მთავარი სტიქაროსანიც ვიყავი.  საათობით ვიჯექი ხოლმე ტაძრის ეზოში, ვფიქრობდი, ვწერდი. ერთი ასეთი ჩვევა და წესი მქონდა, წლების განმავლობაში, ყოველ შაბათს, ლოცვის შემდეგ  ფეხით მივდიოდი ტაძრიდან სახლში. თან მაშინ ხშირად დენიც არ იყო და, შესაბამისად, ლამპიონების მაგივრად, მთვარე მინათებდა გზას. მეტი რა გინდა პოეტს…
– კრებული „გზა ტაძრისაკენ“ აერთიანებს „წმინდა ქალაქის პოეტებს“. ამ სახელწოდების პოეტური გაერთიანება 2013 წელს თქვენი ინიციატივით შეიქმნა… რა იყო მისი შექმნის მიზანი?
– პირველი ღონისძიება, რომელიც გავაკეთე, ეს იყო პოეზიის საღამო, სადაც შევკრიბე მცხეთელი ახალგაზრდები, ვინც წერდა (ზოგი ახლა აღარც წერს) და მოვაწყე ერთობლივი საღამო. იქ დამებადა აზრი, რომ პოეტური გაერთიანება ჩამომეყალიბებინა.
სახელწოდებას რაც შეეხება, ჩვენმა პატრიარქმა მცხეთას უწოდა – „წმინდა დედაქალაქი მცხეთა“ და ჩვენც, როგორც სამივე მცხეთელი, შესაბამისად, შეიქმნა სახელწოდებაც – „წმინდა ქალაქის პოეტები“.
ამ გაერთიანებაში ვართ – ილია ელიზბარაშვილი, ნიკოლოზ ჭიკაიძე და მე. გულწრფელად ვამბობ, შესანიშნავი პოეტები არიან!
ილია ბავშვობიდან ჩემ გვერდით იზრდებოდა, ნიკას არ ვიცნობდი იმ დრომდე და მიხარია, რომ პირველი პერსონალური საღამოც მე გავუმართე.იმ დღიდან სულ ერთად ვართ, პოეზიაშიც, შრომაშიც და ტრაპეზზეც!
შექმნის მიზანი კი მცხეთაში, ლიტერატურა – პოეზიის პოპულარიზაცია და ჩვენი ქალაქის წარმოჩენაც ჩვენი ქალაქის ფარგლებს გარეთ. რადგან უამრავ ღონისძიებაზე გამოვსულვართ მიწვევით და ყველა იგებდა, რომ მცხეთიდან ვიყავით, და რომ მცხეთას ჰყავს ღორსეული პოეტები!
– წლეულს ლექსების საკუთარი კრებული გამოეცი. რისი თქმა გინდოდათ ამ წიგნით?
– დიახ, წელს გამოვეცი ჩემი პირველი კრებული – „შენამდე“. იქამდე საერთო კრებული გვაქვს გამოცემული „წმინდა ქალაქის პოეტების“ –„გზა ტაძრისაკენ”. ასევე, სხვადასხვა საერთო კრებულსა და ანთოლოგიებში არის დაბეჭდილი  ჩემი ლექსები.
ამ წიგნზე დიდხანს ვმუშაობდი. არ ვჩქარობდი გამოცემას.. სპეციალურად ამ წიგნისთვის შეიქმნა ნახატები  ჩემი ზოგიერთი ლექსის შინაარსის მიხედვით და მთავარი ყდის ნახატიც სათაურიდან გამომდინარე შეიქმნა. ეს ნახატები დახატა იტალიაში მოღვაწე ქართველმა მხატვარმა – სალომე მესაბლიშვილმა. წიგნის რედაქტორია ბატონი ანდრო ბენდუკაძე. ასევე წინასიტყვაობები დამიწერეს – ტარიელ ხარხელაურმა, თემურ ჩალაბაშვილმა და გამომცემლობა „ივერიონის“ რედაქტორმა – ზაურ ნაჭყებიამ. სწორედ აღნიშნულ გამომცემლობაში გამოვეცი ეს წიგნი, რითაც  ძალიან კმაყოფილი ვარ.
ხოლო ფინანსური დახმარება ვინც გამიწია, ამ უკეთილშობილეს ადამიანს დავარქვი „კეთილფერია” და მადლობა მას კიდევ ერთხელ.
– რატომ დაირქვით „ქრისტეს მხედარი“?
– როგორც ასეთი, მე არ დამირქვია ეს სახელი ჩემი თავისთვის. სვეტიცხოვლის მონასტერში ვცხოვრობდი ხოლმე ხშირად. ხან 2 თვეც დავრჩენილვარ. 17-18 წლის ასაკში. იქ ერთმა ბერმა მიწოდა მოფერებით – პატარა ქრისტეს მხედარი არისო. ასე მახსოვს, თუ არ ვცდები. მერე და მერე უკვე, როგორც ფსევდონიმი, ისე შემრჩა ეს სახელი.
მე ვთვლი, რომ ყველა მართლმადიდებელი ადამიანი, ვინც მაზიარებელია, მრევლია და, ზოგადად, მორწმუნე – ყველა ქრისტეს მხედარია. ჩვენი ეკლესია, როგორც მიტოვებული და მოსიყვარულეა, ასევე მებრძოლი ეკლესიაა. ყოველდღიური ბრძოლა გვაქვს უხილავ მტერთან!
ამიტომ ვართ ქრისტეს მხედრები!
– პოეტის დანიშნულება დღეს?
– სიმართლე გითხრა, იყო დრო, როდესაც დიდი დანიშნულება ჰქონდა პოეტს! პოეტი იყო ერის სინდისი და ხმა! პოეტი ერისა და სამშობლოს სადარაჯოზე იდგა ყოველთვის! ერთ ლექსში მაქვს ასეთი სტროფები –
„გახსოვდეთ ყველას! ოდითგანვე პოეტის მხრებზე,
ჩამოყრდნობილი ისვენებდა სამშობლოს ბედი“!
დღეს კი აღარ ვიცი, რა დანიშნულება აქვს პოეტს. ჩემთვის ისევ ის დანიშნულება აქვს, რაც ვთქვი, თუმცა აღარც შენი პოეზია და აღარც პოეტი აღარ უნდა არავის!..
დღეს პოეტის ნაღდ და ჭეშმარიტ ხმას აღარ უსმენენ! უსმენენ და ბევრად აფასებენ იმათ, ვინც ბანალურ ლექსებს წერს, ვინც ლექსებში დედას იგინება, მამას აგინებს! ვისაც ლექსებში ინცესტი აქვს და ა.შ! საშინელებაა!
– რას იტყოდით დღევანდელ ლიტერატურულ პროცესებზე,  განსაკუთრებით პოეზიაზე, როცა უამრავი წერს ლექსებს. როგორ უნდა გავარჩიოთ ნამდვილი ხმა ყალბისგან? ანუ მკითხველმა როგორ უნდა იპოვოს კარგი ლექსი, რომ არ დაიბნეს კრიტიკის არარსებობის დროს?
– პირველ რიგში, იმით დავიწყებ, რომ რთული ლიტერატურული პროცესებია. წიგნი შენი სახსრებით თუ  არ გამოეცი, ან ვინმე კეთილმა ადამიანმა თუ არ დააფინანსა, ჩათვალე, რომ ვერ გამოსცემ წიგნს. და თუ გამოეცი, მერე ვერ გაყიდი. ანუ არანაირი შემოსავლის წყარო არ არსებობს ამ მხრივ.
ამ ყველაფერს ემატება ერთმანეთში დაძაბული ურთიერთობები ანუ შური, ქილიკი, ბოღმა, ფეხის დადება! ხშირად მითქვამს ხმამაღლა და ტელევიზიებითაც, რომ რა გაქვთ გასაყოფი-მეთქი? რატომ ჭამთ ერთმანეთს-მეთქი!
ის ავიწყდებათ, რომ ჯერ არის კაცობა (ადამიანობა)… თუ კაცი არ ხარ შენი ცხოვრებით, რად მინდა შენი პოეზია? თუ ერთს წერ და მეორენაირად ცხოვრობ, მაშინ ყალბი ხარ!
რაც შეეხება იმას, რომ ყველა წერს, ამასაც განიკითხავენ და ქილიკობენ! მე კი ვამბობ – დაე, წერონ! ამაზე კარგი რა არის. დანარჩენი უკვე დროის საკითხია!
ძალიან გემოვნებაში მკითხველიც  გვყავს და კარგად გაარჩევენ  კარგ პოეზიას მდარესაგან!
– თქვენი ლექსები გულწრფელია, სულის და გულის ამოძახილია… როგორ იწერება ლექსი?
– ლექსის წერის პროცესი ერთგვარი უხილავი ბრძოლაა. ხან რამდენიმე საათი გრძელდება, ხან – რამდენიმე დღე… ხოლო როცა დაიწერება, თითქოს ძალაგამოლეული ხარ, „დაცლილი“, დაღლილი. ხშირად მიფიქრია, საიდან მოდის  – მუზა..
ეს შევადარე ასეთ რამეს – აი, წარმოვიდგინოთ დედა, რომელსაც მეთაური ბავშვი ჰყავს.. ანუ ხომ საინტერესოა ანატომიურად, თუ როგორ ჩნდება დედის სხეულში რძე. ანუ ხელი რომ გაუჭრა, ხომ სისხლი გადმოვა და არა რძე? ანუ დედის ორგანიზმში, როგორც ასეთი, რძე არაა. საიდან ჩნდება იმ დროს? ხომ საინტერესოა? ასევე საინტერესოა, როგორ ჩნდება ანუ იჟურება მუზა პოეტის შინაგანში, რომელიც მერე, ასე ვთქვათ, გადმოდინდება ლექსის სახით. არ ვიცი, რამდენად ზუსტად ავხსენი ეს შედარება, თუმცა გამგები მიხვდება.
რაც შეეხება თემებს, ყველა თემაზე ვწერ რაც მაწუხებს, მტკივა თუ მიხარია.
თქვენი ერთი ლექსი…
– „ნუ სტირი, ცაო“…

რად სტირი, ცაო – რად ხარ მწუხარე?!
ამდენი დღეა, რომ გაკვირდები.
შეწყვიტე ხველა ასე მქუხარე,
თორემ სახეზე სულ გაფითრდები!

მითხარ, სად გტკივა, ან რა გაწუხებს,
ღრუბლებს – შენს ფილტვებს, იქნებ შესცივდათ?!
ან იქნებ ჩვენი ცოდვის მარწუხებს,
ვეღარ იშორებ, გულიც შესივდა.

ან დედამიწამ რა ქნას, ცოდვილმა?!
ზედ რომ დასტირი მწარე ცრემლებით…
რით განუგეშოს შავად მოსილმა,
როგორ გაგითბოს სული ფერებით!

რითი გიწამლოს, რით  აგარიდოს,
აწყვეტილ ქარებს – როგორც ქოფაკებს,
რომ დედამიწას არვინ არ ინდობს
და ყველა უთხრის ღრმა სარკოფაგებს!

რომ ყველა ჯიჯგნის, უხსნის იარებს,
დაკარგეს კაცის სახიერება…
სულ დაავიწყდათ ცოდვის ტრფიალებს,
სიცოცხლე – როგორც წამიერება!

ნუ სტირი, ცაო, ნუ ხარ მქუხარე,
შეუნდე ყველას, ნუ გაფიცხდები…
შენ, დედამიწის თავო – მწუხარევ,
აქ რასაც ხედავ, ნუ გაკვირდები.
– რომელი პოეტი (ან ხელოვანი) გიყვართ, რომელსაც მიბაძავდით…
– ვინც მე მიცნობს იცის, რომ ვაჟა-ფშაველა არის  ჩემი ეტალონი, როგორც კაცობის, ასევე, როგორც პოეტის!ასევე ილია ჭავჭავაძე არის სამაგალითო და მისაბაძი. ძალიან მიყვარს ექვთიმე ღვთისკაცი… დღევანდელ რეალობაშიც გვყავს მისაბაძი კაცები!
– მცხეთაში თქვენი კრებულის წარდგენა გაიმართა.რა შეგძინათ ამ დღემ?
– დავიწყებ იქიდან, რომ, როგორც წეღან მოგახსენეთ, არ ვჩქარობდი ამ წიგნის გამოცემას. პირველი პერსონალური კრებული იქნებოდა, პირველად უნდა გამეკეთებინა წარდგენა (პრეზენტაცია) და ამიტომ მინდოდა ყველაფერი კარგად ყოფილიყო. ის კი არა, ორმოცდაათი პოეზიის საღამოს ორგანიზატორი ვარ, ვისთვის არ გამიმართავს პოეზიის საღამოები და ჩემი პოეზიის საღამო 2019 წელს ჩატარდა  პირველად. რადგან ჩემს საღამოსაც არ ვჩქარობდი.
ეს საღამო გაიმართა მცხეთის კულტურის ცენტრში, 400-კაციან დარბაზში, სადაც ჩატარებულა ანსამბლ „ერისიონის“, „რუსთავის“ და კიდევ სხვადასხვა უფასო კონცერტები და დარბაზი არ შევსებულა.  ცოტას ვნერვიულობდი, რადგან პოეზიის საღამოზე  100 კაციც რომ მოსულიყო, კარგია, თუმცა ამხელა დარბაზში ჩაიკარგებოდა..
თქვენ წარმოიდგინეთ და, 500 კაცამდე ესწრებოდა ჩემს საღამოს.ეს იყო ყველაზე დიდი ბედნიერება.
რაც შეეხება წიგნის წარდგენას, ამ პანდემიის გამო მცხეთის კულტურის ცენტრის ფოიეში გავაკეთეთ, რომ მოკრძალებული ყოფილიყო, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის გვერდში დგომით და მხარდაჭერით.
კარგად ჩაიარა ყველაფერმა. აქაც ბევრი ხალხი მოვიდა, თან უმეტესობა მონატრებული იყო ასეთ საღამოებს.
ჩემდა მოულოდნელად და გასაკვირად, საქართველოს მწერალთა კავშირმა დამაჯილდოვა ნიკოლოზ ბარათაშვილის პრემიით „ქართულ ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის“. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო და არის, რადგან დააფასეს ჩემი ამდენწლიანი საქმიანობა (ენთუზიაზმით) ამ მიმართულებით.
– ოჯახი… მეუღლე მშვენიერ ხელნაკეთებს ქმნის, გყავთ სამი ვაჟი. როგორ გეხმარებათ ოჯახი, რომ წერის დრო ყოველთვის გქონდეთ?
მართლაც ძალიან მაგარ ხელნაკეთ ნივთებს ქმნის ჩემი მეუღლე – ნინი მინდიაშვილი. ქსოვა, ქარგვა, თექა, ბისერები… ძალიან „სუფთა ხელი“ აქვს. ასევე მყავს ღვთისგან ნაჩუქარი სამი ვაჟი! ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოეტისთვის, თუ ვინ გყავს გვერდით ცხოვრების თანამგზავრად.. რთულია პოეტის ცოლობა და მეგზურობა…
ამაში ნამდვილად გამიმართლა. მიუხედავად იმისა, რომ კერძო სახლში ვცხოვრობთ, მაინც ვიწროდ ვართ… არ მაქვს  ჩემი კუთხე, სადაც შეიძლება განვმარტოვდე და დავრჩე ჩემი ფიქრების ამარა.. ამიტომ ხშირად ნინის შეუქმნია ისეთი გარემო და სიტუაცია, რომ არავის არ შევეწუხებინე… გრძნობს, თუ როდის მეწყება ჭიდილი და „ბრძოლა“ ჩემს შინაგან განცდებთან…
რთულია წერა, როცა უამრავ ყოფით პრობლემას უმკლავდები, დილიდან საღამომდე გასული ხარ სახლიდან საქმეებზე, ათასი სანერვიულო და საფიქრალი გაქვს… პოეტისთვის აუცილებელია თავისი კუთხე, ერთი მაგიდა და ერთი სკამი, სადაც არავინ შეაწუხებს.
ჩემი ოცნებაა, გავაკეთო პატარა ხის ქოხი, სადაც მხოლოდ ერთი ხის საწოლი იქნება, ერთი მაგიდა ორი სკამით (მაინც სტუმართმოყვარე ვარ), ღუმელი და ლამპა. სადაც განვმარტოვდები ხოლმე, „გავექცევი“ ჩემს თავსაც და ყველაფერს…
ჯერჯერობით კი, შეძლებისდაგვარად, ყველანაირად მიწყობენ ხელს ოჯახიდან.
როდესაც შემატყობს ნინი, რომ რაღაც ისე „ვერ ვარ“, თვითონ მეუბნება, რომ წავიდე ცოტა ხნით მონასტერში ან სოფელში, რადგან იქ მარტო ვრჩები  ჩემს თავთან.
– ჰობი…
– ბევრი ჰობი მაქვს – მთა, თოფი, ცხენი, ფანდური… იარაღები მიყვარს ძალიან..
– სიყვარული… როგორი უნდა იყოს პოეტის სიყვარული?
– ყველას მაგივრად მე ვერ ვისაუბრებ, ანუ თუ როგორი უნდა იყოს პოეტის სიყვარული. ყველა პოეტი ადამიანია და, შესაბამისად, ინდივიდი. აქედან გამომდინარე, მაინც ინდივიდუალურია ეს ყოველივე.
პოეტის სიყვარული, მაინც პოეტური უნდა იყოს!
– სამომავლოდ…
– ეგ ყველაზე რთული გასათვლელია.. ამ პანდემიის ფონზე, ამ უკვე შეშლილ დედამიწაზე, ძნელია სამომავლო გეგმებზე საუბარი. ხალხს წიგნი აღარ უნდა, არც ლიტერატურა – პოეზია.
უმეტესობა ყოველდღიური ლუკმა-პურის შოვნაზეა გადასული (ვერც გაამტყუნებ)… ხალხის სახეზე ღიმილი გაქრა!
რთული ჟამი დგას!
ღმერთი დავივიწყეთ!
თუმცა მაინც იმედით ვუყურებ მომავალს! დავწერ, სამშობლოს გავუზრდი ჩემს ვაჟკაცებს! ჩემს საკეთებელს მაინც გავაკეთებ!
ვიცხოვრებ და არა – ვიარსებებ!
გაიხარეთ!

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები