„წითელმა ჯვარმა“ უკრაინის მოვლენები საომარ მდგომარეობად შეაფასა
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა უკრაინაში განვითარებული მოვლენები კონფიდენციალურად, საომარ მდგომარეობად შეაფასა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ორგანიზაციას არ აქვს უფლებამოსილება კვალიფიკაციის შესახებ საჯაროდ ისაუბროს, მას აქვს ვალდებულება, საკუთარი პოზიცია კონფლიქტში ჩართულ მხარეებს აცნობოს. შესაბამისად, „წითელი ჯვრის“ დასკვნა სააგენტოსთან დასავლელმა დიპლომატებმა და მაღალჩინოსნებმა გაახმაურეს.
უცხოური მედიის ცნობით, ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ უკრაინა-რუსეთის კონფლიქტს ახალი კვალიფიკაცია უნდა მიენიჭოს და ის უნდა შეფასდეს, როგორც საერთაშორისო კონფლიქტის, ასევე აგრესიის აქტი. ეს კი ხსნის გზას და იძლევა შესაძლებლობას, რომ გამოძიება სამხედრო დანაშაულის კუთხით წარიმართოს. ამ საკითხში გადამწყვეტი იქნება მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების თემაც.
„თვალნათელია, რომ ეს არის საერთაშორისო კონფლიქტი და იკვეთება სამხედრო დანაშაულის ნიშნები. ორგანიზაცია არ გამოვა ღიად და მისი წესდებიდან გამომდინარე არ დაიწყებს საკუთარი პოზიციის ტირაჟირებას. ის კონფლიქტში მონაწილე მხარეების ინფორმირებას ახდენს და კვალიფიკაციის შესახებაც თავად აცნობებს როგორც უკრაინას, ისე რუსეთის ხელისუფლებას. ჩვენ ამას საჯაროდ არ განვიხილავთ“, – აღნიშნა „როიტერთან“ „წითელი ჯვრის“ წარმომადგენელმა ჟენევიდან ანასტასია ისიუკმა.