შეიძლება თუ არა აცრამდე და აცრის შემდეგ ალკოჰოლის მიღება – სპეციალისტის რჩევები და რეკომენდაციები
შეიძლება აცრამდე ან აცრის შემდეგ ალკოჰოლის მიღება? – ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კითხვაა, რომელსაც მოქალაქეები, მათ შორის, სოციალურ ქსელში ხშირად სვამენ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა [NCDC] კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასა და ალკოჰოლის მიღების შესახებ განმარტება ჯერ კიდევ მაისის თვეში გაავრცელა.
ამ კითხვაზე საპასუხოდ უწყება ამბობდა – ერთი მხრივ, კვლევები იმაზე, რომ ალკოჰოლი ანტისხეულების შექმნას ამცირებს, არ არსებობს. თუმცა ვაქცინაციის შემდგომ დღეებში ალკოჰოლის ჭარბი მიღება არ არის რეკომენდებული.
მაინც, აცრიდან რამდენ ხანშია რეკომენდებული დალევა და ახდენს თუ არა ის გავლენას ანტისხეულების გამომუშავებაზე? – აღნიშნულ თემებზე პროფესორმა, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა ექსპერტმა მაკა ბულეიშვილმა ისაუბრა.
ქალბატონო მაკა, შეიძლება თუ არა ვაქცინაციამდე ალკოჰოლის მიღება და რამდენი დღით ადრე უნდა ვთქვათ უარი სასმელზე?
იმუნიზაციამდე რამდენიმე დღით ადრე არ არის დაშვებული ალკოჰოლური თრობა, ე.წ. ნაბახუსევის დროს არ უნდა მივიდეს ადამიანი ვაქცინაციის კაბინეტში. თუ ვაქცინაცინაციამდე 4-5 დღით ადრე, 1-2 ჭიქა ლუდი, ღვინო ან ვისკი აქვს მიღებული, ეს არანაირი პრობლემა არ არის. მაგრამ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, თრობასაც გააჩნია, თუ ადამიანი წინა დღეებში დათრობამდეა მისული, ასეთ დროს იმუნიზაცია დაუშვებელია. ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ადამიანისთვის ვაქცინაცია უკუჩვენებას იწვევს და ეს მხოლოდ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას არ ეხება, მაგ დროს მედიკამენტის მიღებაც კი საწინააღმდეგო ეფექტს იძლევა.
ასევე ხშირად ისმის კითხვა, აცრიდან რამდენ ხანში შეგვიძლია ალკოჰოლის მიღება?
აცრის გაკეთების დღეს ალკოჰოლური თრობა არ შეიძლება. მეორე დღესაც, თუ რაიმე სიმპტომი არ გამოუვლინდა, მაგალითად: ტემპერატურა, თავბრუსხვევა, მხარის ტკივილი და სხვა, სჯობს, თავი შეიკავოს, მაგრამ მესამე-მეოთხე დღიდან უკვე ჩვეულებრივად შეუძლია ალკოჰოლის მიღება, რადგან ამაზე შეზღუდვა არსად წერია.
არსებობს მითი, თითქოს, ალკოჰოლი ანტისხეულების გამომუშავებას უშლის ხელს და რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
არა, ასე არ არის. ყველას ვურჩევ, ვაცადოთ ორგანიზმს გადავიდეს იმ ფაზაში, როცა შეუძლია როგორც ალკოჰოლის, ასევე ნორმალური საკვები მიღება. პირველი აცრიდან მეორე აცრამდე იმხელა შუალედია, თუკი ადამიანს უნდა ალკოჰოლი მიიღოს ნორმის ფარგლებში, არავინ აუკრძალავს, მაგრამ მუდმივ ალკოჰოლურ თრობაშიც არ უნდა ვიყოთ.
თუ ყოფილა შემთხვევა ნაბახუსევი, ან ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ადამიანი მისულა ვაქცინის გასაკეთებლად?
სიმართლე გითხრათ, არც ისე ცოტა შემთხვევა იყო, როდესაც ნასვამი ადამიანები მოვიდნენ ვაქცინაციის კაბინეტში, განა 1-2 ჭიქა ჰქონდათ დალეული, არამედ ნასვამები იყვნენ, ასევე იყვნენ წინა დღის თრობის შედეგად ნაბახუსევებიც და თავისთავად, არ მოხდა პაციენტების ვაქცინირება. ასე, რომ მოქალაქეებს ვურჩევ, ამ კუთხით განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინონ.